პატიმარი ამტკიცებს, რომ ჟვანია და უსუპოვი კახეთში მოკლეს

კახეთში, თელავის რაიონში მოხდა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის მკვლელობა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების პატიმრის, თეიმურაზ გვარაძის მიერ მოსამართლე დავით მგელიაშვილისთვის გაგზავნილ წერილში წერია. აღნიშნული წერილი დავით მგელიაშვილმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, ლევან ჩაჩუას პროცესზე წაიკითხა.
“კახეთში, თელავის რაიონში მოხდა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის მკვლელობა. ამის მომსწრე მე პირადად ვარ. ამ მკვლელობას 11 პირი ესწრებოდა და 3 ამჟამად მინისტრია. მე პირადად მაქვს ვიდეოჩანაწერი, რომელიც კბილაშვილს გადაეგზავნება”, – წაიკითხა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების პატიმარი თეიმურაზ გვარაძე წერილში წერს, რომ ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრიც არის.
წერილის მიხედვით, თეიმურაზ გვარაძე მოითხოვს, მისი დაკითხვა მოხდეს.
წერილის მიხედვით ირკვევა, რომ მან ამის შესახებ ყოფილ პროკურორს არჩილ კბილაშვილს აცნობა, თუმცა მის წერილზე რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.
პროცესის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების პატიმრის წერილზე კომენტარი გააკეთა ლევან ჩაჩუას ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ. მისი თქმით, ამ პიროვნების წერილობითი განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს.
პროკურორ რევაზ ნადოის განცხადებით, სასამართლო უახლოეს პერიოდში გადაუგზავნის პროკურატურას წერილს, რასაც უკვე პროკურატურაც გადაამოწმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები