ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილია – რას აცხადებს ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატებს ამ ეტაპზე არ აქვთ პასუხი, თუ რამდენად სრულყოფილად და ამომწურავად არის ჩატარებული ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე.
როგორც “კვირას“ ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც დაცვის მხარე საქმის მასალებს გაეცნობა, მათ შეეძლებათ პროკურატურის მიერ აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შეფასება.
“საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, რამდენად ამომწურავია ძიების შედეგები, ამ კითხვაზე პასუხი მასალების სრულყოფილად გაცნობის შემდეგ გვექნება. დაცვის მხარეს ამისი უფლებამოსილება პროცესუალურად გააჩნია“, – აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაღუპული ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას არიან მოკლულები. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით, 11 პირი დააკავა, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. დანაშაული სასჯელის ზომად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ.