ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა ლომჯარიას, კოჟორიძისა და გიგაურის კრიტიკას შეშფოთება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ნინო ლომჯარიას, კახა კოჟორიძისა და ეკა გიგაურის კრიტიკას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეშფოთება.
“ბატონმა ბიძინამ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ გადადიოდა არასამთავრობო სექტორში და გადავიდა კიდეც. მას აქვს დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე”. რატომ მიჰყვა მის განცხადებას ასეთი შეშფოთება დანარჩენი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსენელია. თუ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს მეორეს, ან უბრალოდ აზრს გამოთქვამს მასზე, რატომ უნდა იყოს ეს გაკვირვების საგანი, ვერ ვხდები. ყველას გვაქვს სრული უფლება, ერთმანეთზე გამოვთქვათ ჩვენი აზრი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.~
მისივე თქმით, ეს არის დემოკრატიის მაჩვენებელი პროცესი და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პაექრობა.
“ჩვენ საქართველოში უზრუნველყავით სრული დემოკრატია. ყველა ადამიანის, ყველა ორგანიზაციის სიტყვის თავისუფლება არის დაცული და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა მედიის თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან მთავრობაზე გაკეთებული რაიმე განცხადება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტყვის თავისუფლება იქნას გარინტირებულად დაცული. დასრულდა ის დრო, როცა ამ კუთხით არავითარი გარანტიები არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის ჯანსაღი პროცესი. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ჩვეულებრივი დისკუსია და პაექრობა, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები