ირაკლი ფირცხალავას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება
ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას და მასთან ერთად დაკავებულ 10 შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია ედებათ ბრალად.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პროკურატურამ კორტებთან ჩაცხრილული ზურა ვაზაგაშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა.
ბრიფინგზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავას დაგეგმილი იყო, საკონტროლო გასროლა კი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსმა გიორგი ცააძემ განახორციელა.