კიბოთი დაავადებული ხუთი შვილის დედა უკიდურეს გაჭირვებაშია
მძიმედ დაავადებული ქალი თავისი შვილებისთვის თავშესაფარს ეძებს. ხუთი შვილის დედას მესამე სტადიის კიბო აქვს.
სამკურნალოდ გამოტანილი კრედიტის და ბინის ქირის გასტუმრებას ოჯახი სოციალური დახმარებით ცდილობს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და დედის დახმარებას უფროსი შვილები ქუჩაში მუშაობით ცდილობენ. სოფო კვინიკაძეს ბიოფსია და მუდმივი კონტროლი ესაჭიროება. თუმცა, ფინანსების არქონის გამო, მკურნალობას ვერ ახერხებს.
კვინიკაძეების ოჯახს არც საკმარისი საკვები აქვს. ისინი ძირითადად უფასო სასადილოდან მოტანილი მცირე ულუფის იმედად არიან დარჩენილნი. სახლში, სადაც კვინიკაძეები ცხოვრობენ, არც გათბობა და არც საჭირო ავეჯია.
სახლი, სადაც კვინიკაძეები ახლა ცხოვრობენ, იყიდება და ოჯახი, შესაძლოა, თავშესაფრის გარეშე დარჩეს. ისინი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვენ.
“250 ლარს ქირაში ვიხდი, 30 ლარს კომუნალურ გადასახადებში, დახმარებიდან 80 ლარი მრჩება, 80 ლარით ბავშვების გამოკვება ძალიან რთულია. თხოვნა მაქვს, რომ დამეხმარონ, უბრალოდ ერთი ოთახი გამოუყონ ჩემ შვილებს, რომ თუ რამე მომივიდა ღია ცის ქცეშ არ აღმოჩნდნენ“ – სოფო კვინიკაძე გადაცემა “პოსკრიპტუმის“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟში.