მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას აღნიშნავს.
დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მართველის, კონტის ასული იყო. წმინდა ეკატერინე თავისი განათლებით, სიბრძნითა და გონიერებით გამოირჩეოდა. ქრისტეს შესახებ მას დედის მოძღვარმა უქადაგა, რის შემდეგადაც იგი მოინათლა. სიზმრისეულ ხილვაში უფალმა მას ოქროს ბეჭედი უბოძა, რომელიც გამოღვიძების შემდეგ ხელზე ეკეთა. ალექსანდრიაში გამართულ წარმართულ დღესასწაულზე, რომელსაც იმპერატორი მაქსიმინი ესწრებოდა, წმინდა ეკატერინემ უარი განაცხადა, თაყვანი ეცა კერპებისთვის და მსხვერპლი შეეწირა. ამის გამო, წმინდა ეკატერინეს 305-313 წლებში იმპერატორის ბრძანებით თავი მოკვეთეს. მანამდე წმინდანმა ქრისტიანობაზე 50 ბრძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი მოაქცია, რომლებმაც იმპერატორისგან სატანჯველი დაიმსახურეს.
ნეტარ ეკატერინეს წმიდა ნაწილებს VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით სინას მთაზე მიაკვლიეს. წმინდანის თავი და მარცხენა ხელის მტევანი სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერშია დაბრძანებული.