დავით ნარმანია ქალაქ ჯვარის მოსახლეობის მოთხოვნებს გაეცნო

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ქალაქ ჯვარის წარმომადგენლებს შეხვდა და ის დეტალები და გარემოებები მოისმინა, რომლის გამოც ჯვარისა და მისი მიმდებარე თემების მოსახლეობა ცალკე მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბებას მოითხოვს. საუბარია ქალაქ ჯვარის, ლიის, ჭალეს, ფახულანის, მუჟავას, ჩქვალერისა და ეწერის თემების ერთი თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული მოთხოვნით ჯვარელებმა 12 ათასამდე ხელმოწერა შეაგროვეს და საქართველოს ხელისუფლებას უკვე წარუდგინეს. შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა. როგორც ქალაქ ჯვარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, ცალკე მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება განაპირობა როგორც გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ისე ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ, სოციალურ-ეკონომიკურმა წყობამ, სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ, მოსახლეობის შემადგენლობამ და სხვა. გარდა ამისა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აღნიშნული მოსახლეობის ინტერესთა სხვაობა გამოიკვეთა ყოფით, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და სხვა სფეროებში.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ინიციატივას გულისხმიერებით მოეკიდა ბატონი მინისტრი. წარმოდგენილი არგუმენტაცია ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის თაობაზე, გვაძლევს ყველა საფუძველს, რომ სამინისტროს მიერ სწორად მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობისათვის იქნება სწორად აღქმული და განაპირობებს მის შემდგომ მიღებას“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ჯვარელების მოთხოვნას სახელმწიფო კომისია მას შემდეგ განიხილავს, როგორც კი თვითმმართველობის ახალ კოდექსს საქართველოს პრეზიდენტი ხელს მოაწერს და დოკუმენტი ძალაში შევა. თუმცა, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები