გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის ეკონომისტს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მთავარი ეკონომისტი ჰანს თიმერი მიიღო. შეხვედრაზე სტუმარი დაინტერესდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის – „საქართველო 2020“ პროექტით და გამოთქვა მნიშვნელოვანი ხედვა მისი ცალკეული მიმართულებების თაობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ: ამავე საფინანსო ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური მართვის სექტორის ლიდერი რაშმი შანქარი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა აგრეთვე საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის საკითხზე, კერძოდ იმაზე, თუ როგორ უნდა გაიზომოს ეს ეფექტი და როგორ მოხდეს ოპტიმიზაცია იმ ინფრასტრუქტურული პორტფელისა, რომელიც ქვეყანას გააჩნია. გიორგი კვირიკაშვილმა სტუმარს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში კერძო სექტორის განვითარების შესახებ, მათ შორის იმ რეფორმებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მთავარმა ეკონომისტმა ჰანს თიმერმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.