„პატრიარქი შეცდომაშია შეყვანილი!“

რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, არჩილ ხომასურიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აბორტი დამარცხებულია და ფეხზე ვეღარასოდეს დადგება.
„საქართველოში აბორტი დამარცხებულია და ფეხზე ვეღარასოდეს დადგება, თუნდაც იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ჩვენმა ქალებმა ინფორმაციული ვაკუუმი გაარღვიეს და ყველამ იცის, რომ აბორტის ალტერნატივა ოჯახის სწორად დაგეგმვა და კონტრაცეპციაა! დღეს აბორტების რაოდენობა, 1987 წელთან შედარებით, 10-ჯერ ნაკლებია. ამ სტატისტიკურ კვლევას მაშინ პირადად ვაწარმოებდი და „აბორტმახერები“, პირდაპირი მნიშვნელობით, მოსაკლავად დამდევდნენ, მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, წადი, თორემ მოგკლავთო. 1987 წელს, საქართველოში 100 000-ზე მეტი მშობიარობა და ამდენივე რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა, ორჯერ მეტი კი, იატაკქვეშა, არალეგალური, ჯამში, 300 000 აბორტი იყო. მაშინ კვლევა არალეგალური აბორტების შესახებაც ჩავატარეთ და აი, საგანგაშო სწორედ ეს მაჩვენებელი გახლდათ, შესაბამისად, კატასტროფულად მაღალი იყო დედათა სიკვდილიანობაც. 2005 წელს კი, გაერო-ს მონაცემებით, შობადობა ორჯერ შემცირდა (50 000), აბორტების რიცხვმაც უფრო მკვეთრად, 10-ჯერ დაიკლო და იმ დროისთვის, რეგისტრირებული აბორტი მხოლოდ 30 000-მდე იყო. ახლა რომ გაჰყვირიან, აი, რა მდგომარეობაში ვართო, სისულელეა ან არ იციან, რას ამბობენ, ან სპეკულირებენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს ვიცნობ, ექიმია. ვიცი, მისი მოსაზრება აბორტსა და კონტრაცეპციასთან დაკავშირებით. სწორად აზროვნებს, თუმცა მისი ამჟამინდელი თანამდებობა მაინც პოლიტიკურია და ალბათ, რაღაც ზეწოლის ქვეშ ექცევა. ამ კომიტეტის მუშაობას მაინც დადებითად ვაფასებ, დანარჩენებისას არა. ვიცი, სუბიექტური ვარ“, – განაცხადა ხომასურიძემ „ვერსიასთან“ საუბრისას.
მისივე განმარტებით, ვიტრო განაყოფიერების შესახებ თავად პატრიარქმა თქვა, რომ მათ ეს საქმე ეკეთებინათ.
„მგონია, პატრიარქი, თავისი ასისტენტების მიერ ხშირად არასწორადაა ინფორმირებული. უწმინდესი შეცდომაშია შეყვანილი! ერთ ფაქტს გეტყვით: დაახლოებით, 25 წლის წინ, საქართველოში ნობელის პრემიის ლაურეატი, სინჯარიდან მიღებული პირველი ბავშვის, ლუიზა ბრაუნის „ავტორი“, რობერტ ედვარდსი ჩამოვიყვანე. ჩვენთან ორჯერ იყო ნამყოფი და ორი წლის წინ გარდაიცვალა. მაშინ ხშირად დავდიოდი პატრიარქთან, ყოველთვის ყველაფერს ვუყვებოდი და სწორედ მასთან მივიყვანე რობერტ ედვარდსიც. პატრიარქს თავად ედვარდსმა აუხსნა, რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება და ჰკითხა, თვლით თუ არა, რომ თქვენს ქვეყანაში ეს დასაშვებიაო. პატრიარქმა ბრძანა, ეს საქმე აკეთეთო. დღეს კი ეს პროვოკატორები რაღაცას წერენ, მისი სახელით კითხულობენ და ისიც და მთელი მოსახლეობაც შეცდომაში შეჰყავთ. ის, რომ სინჯარაში განაყოფიერებას სუროგაციის თემა მიატმასნონ. არადა, ეს სულ სხვადასხვა საქმიანობაა. სუროგაციას მაჭანკლობას ვუწოდებ. ის ხალხი, ვინც სუროგაციაზე მუშაობს, რეალურად, უშვილო წყვილს „საშვილოსნოს დაქირავებაში“ ანუ სუროგატი დედის პოვნაში ეხმარება. ინვიტრო განაყოფიერების შედეგად კი დედ-მამა ბავშვის გენეტიკური მშობლები არიან, ორსულობა კი დედის საშვილოსნოში მიმდინარეობს. საქართველოში, ოფიციალურად, პირველი სინჯარის ბავშვი 2000 წელს გაჩნდა და ახლა 14 წლის მშვენიერი ბიჭია. პირველმა ორმა წყვილმა კი, რომელთაც ამ გზით შვილები 1998 და 1999 წელს შეეძინათ, ვინაობის გამხელა არ ისურვეს“, – აცხადებს ხომასურიძრე „ვერსიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები