რატომ შეხვდა გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებს – საყვარელიძე საკუთარ მოსაზრებას აჟღერებს

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ძალაუფლების განმტკიცების გზით მიდის.
„დღევანდელი ხელისუფლება არ არის ისე აგრესიულად განწყობილი საზოგადოების მიმართ, როგორც წინა ხელისუფლება იყო. ეს კარგია, ასევე ადვილად მიდიან დათმობებზე, თუკი საზოგადოება მიუთითებს რაიმე შეცდომაზე, მაგრამ თავისი ხასიათით ისინი არიან პასიურები. მათ შორის სამართლიანობის აღდგენის კუთხით. ამ პასიურობას კი აქვს თავისი გამოძახილები, მე ვიტყოდი, უცხოეთშიც, იმიტომ, რომ ის კრიტიკა და ამ პროცესის შინაარსის შემოტრიალება, რაც ხდება, არიქა პოლიტიკური დევნაა და არა სამართლიანობის აღდგენა, როგორც ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი წარმოაჩენს ამ საქმეს, ესეც ამ ხელისუფლების პასიურობის პროდუქტია… ის თუ რატომ შეხვდა პრეზიდენტი ტელევიზიის წამყვანებს, ნიშნავს, რომ პრეზიდენტი საინფორმაციო მხარდაჭერის გარანტიებს იღებს. ეს ბუნებრივი ამბავია, პრეზიდენტს სჭირდება ძალაუფლება და ის ამ ძალაუფლების გამტკიცების გზით მიდის. მას აქვს სურვილი, მორალური ძალა მაინც ჰქონდეს, რომ ადვილად არ დააჩაგვრინოს თავი ოპონენტებს… ის, რომ კალაძე და ღარიბაშვილი მმართველობის სტილით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვა, ისინი დაპირისპირებულები არიან, რადგან სიტყვა „დაპირისპირება“ უფრო მძაფრია, ვიდრე არსებული სიტუაცია… მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ სახელისუფლებო კრიზისის ნიშნებს, სანამ ამ ხელისუფლების ალტერნატივად იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, სახელისუფლო გუნდის მიმართ უკმაყოფილება არასოდეს მიაღწევს პიკს. იმიტომ, რომ უფრო დიდი უკმაყოფილების წყარო არის „ნაციონალური მოძრაობა“, ხალხის აღქმაში არის ასეთი რამ დალექილი, თუ ეს ხელისუფლება წავა, შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს. საზოგადოებისთვის კი მათი მოსვლა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ის პასიურობა, რომელსაც ამ ხელისუფლებას უჩივიან“, – განუცხადა „კვირის ქრონიკას“ რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები