მაიკ უოლცი: ტრამპი უკრაინისგან მეტ მადლიერებას ითხოვს და შეურაცხყოფით აღშფოთებულია

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ბოლოდროინდელი განცხადებები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ შეურაცხმყოფელია.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე უოლცს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის პოსტზე, სადაც მან ზელენსკის “დიქტატორი” უწოდა და განემარტა, თუ ვის მიიჩნევს შეერთებული შტატების ლიდერი დამნაშავედ უკრაინაში მიმდინარე ომში – ზელენსკის თუ პუტინს.

ტრამპის მრჩეველმა კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გასცა, თუმცა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის „იმედგაცრუება ზელენსკის მიმართ“ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება.

„უპირველეს ყოვლისა, მადლიერი უნდა იყოს იმისთვის, რაც ამერიკელმა ხალხმა, გადასახადის გადამხდელებმა გააკეთეს, რაც ტრამპმა გააკეთა მის პირველ ვადაში და ჩვენ ამის შემდეგ. ამიტომ, ზოგიერთი განცხადება, რომელიც კიევიდან მოდის – გულწრფელად რომ ვთქვათ, ტრამპის მიმართ შეურაცხმყოფელია. იმის ნაცვლად, რომ შევსულიყავით კონსტრუქციულ დიალოგში, ვიხილეთ მედიაში საკმაოდ წარუმატებელი რიტორიკა“, – თქვა უოლცმა და არ დააკონკრეტა რა განცხადებებს გულისხმობდა.

ამასთან, მან მეორე ფაქტორად უკრაინის მინერალურ რესურსებთან დაკავშირებით ინვესტიციების შესახებ შეთანხმება დაასახელა, რომლის ხელმოწერაზეც უკრაინა ჯერჯერობით უარს ამბობს.

ტრამპის მრჩეველმა თქვა, რომ აღნიშნული შეთანხმება არა მხოლოდ „უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას“, წარმოადგენს, არამედ „ჩვენ გვაქვს ვალდებულება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების წინაშე დავეხმაროთ მათ ასობით მილიარდის დაბრუნებაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები