მაკა ბოჭორიშვილი: პოლონეთში, ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს სკამი ცარიელი იყო იმისთვის, რომ ამას შემდგომ ჰქონოდა ეფექტი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ დღის წესრიგზე
,,პოლონეთში, ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს სკამი ცარიელი იყო იმისთვის, რომ ამას შემდგომ ჰქონოდა რაღაც ეფექტი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ დღის წესრიგზე”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა პოლონეთში გამართულ ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრაზე საქართველოს არმონაწილეობის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომები არასერიოზულია, პარტნიორებს შორის საჭიროა დიალოგი და თუ ევროპა მოიაზრებს, რომ უნდა იყოს ერთიანი, ერთიანობა კი ვერ იქნება საქართველოს და დიალოგის გარეშე.
„ეს ცარიელი სკამი იყო ერთადერთი მიზნით, რომ ეს შემდგომ ყოფილიყო პოლიტიკური დღის წესრიგის საფუძველი საქართველოში, ვიღაცას ამაზე ესაუბრა, დაწერილიყო და ამბავი მომხდარიყო. ამას რეალურად სხვა მიზანი არ ამოქმედებდა. თუ ვინმე წუხს, რომ საქართველოსთან დიალოგია საჭირო, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი სურვილი არის ზუსტადაც დიალოგი, საუბარი იმ სერიოზულ საკითხებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი განცხადებებით ვერავის მხრიდან, ვერც ჩვენი მხრიდან, ვერც მათი მხრიდან, ვერც რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან. ამას სჭირდება მუშაობა, დიპლომატია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დიალოგის წარმართვა ევროკავშირთან. თუკი ევროკავშირი დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან არ დაჯდება სასაუბროდ, რაზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება ვისაუბროთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა მცდელობა შეიძლებოდა ჰქონოდა საქართველოს?! ხომ არ ჩავიდოდით და ძალით დავჯდებოდით სკამზე?! ამის მიზანი არ ყოფილა ამ შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა. ამ ყველაფრის მიზანი იყო, რომ გაცხადებულიყო, რომ საქართველოს სკამი იყო ცარიელი და ამას ჰქონოდა შემდგომ რაღაც ეფექტი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ დღის წესრიგზე. არ არის სერიოზული ასეთი მიდგომები, ეს შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო. ეს უბრალოდ არ არის სერიოზული, დაღვინებული პოლიტიკა, რაც შეიძლება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკეთოს. ამას სჭირდება სერიოზული მიდგომები, საუბარი. საქართველოს არ დაუმალავს, რომ ჩვენ გვსურს ევროკავშირთან დიალოგი იმაზე, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პირველ რიგში პატივისცემა. ურთიერთპატივისცემის გარეშე ვერ მოხდება დიალოგი პარტნიორებს შორის. თუ ევროკავშირი ვერ გამონახავს ძალას საკუთარ თავში, რომ დაელაპარაკოს პარტნიორს, რა თქმა უნდა, საუბრის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდხანს ასე არ გაგრძელდება. როდესაც რეალურად დავიწყებთ იმაზე ფიქრს, როგორი უნდა იყოს ევროპა მომავალში და თუ ევროპა მოიაზრებს, რომ უნდა იყოს ერთიანი, რა თქმა უნდა, ეს ერთიანობა ვერც საქართველოს გარეშე იქნება და ეს ყველაფერი ვერაფრით ვერ მოხდება საუბრის და დიალოგის გარეშე იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, გეოპოლიტიკაზე, რაც საქართველოს გარეშე ვერ მოხდება“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები არასერიოზულია.
„მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი პატივისცემისა, პოლონელების და პოლონეთის, როგორც სახელმწიფოს მიმართ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები უბრალოდ არასერიოზულია. არ შეიძლება ასეთი განცხადებებით და მხოლოდ განცხადებებით ვაკეთოთ საერთაშორისო ურთიერთობები. როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ დემოკრატიაზე, არადემოკრატიაზე, თუკი დემოკრატიას უგულებელჰყოფ. თუ საერთოდ არ აღიარებ დემოკრატიის მთავარ საფუძველს- ხალხს. ხალხი მივიდა არჩევნებზე, ხალხმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, გააკეთა არჩევანი და შენ გინდა, რომ იმ არჩევანს საერთოდ არ სცე პატივი, რაც გააკეთა ხალხმა და შემდგომ ისაუბრო დემოკრატიაზე და დემოკრატიულ პრინციპებზე. ეს არასერიოზულია. ეუთო/ ოდირის დასკვნა არის და არსად არ წერია, რომ ეს არჩევნები არის ყალბი, არსად არ წერია, რომ არსებობს რამე საფუძველი იმისა, რომ ეს არჩევნები არ ჩაითვალოს და რა თქმა უნდა, არსად არ წერია ის, რომ ვინმეს აქვს უფლება უკარნახოს, რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.