ლევან დავითაშვილი: „6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის საქართველოში განხორციელების გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქვეყანა საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება”
„ასეთი მასშტაბის უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა და ვფიქრობ, ეს არის არამხოლოდ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი, რიცხვებში გამოხატული ხელშეწყობა, რაც, თავისთავად, სტიმულს მისცემს, ზოგადად, ეკონომიკურ ზრდას, არამედ მას მნიშვნელოვანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, რადგან ეს არის ისეთი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლის საინვესტიციო პოლიტიკას ძალიან ბევრი დეველოპერი, საერთაშორისოდ წარმატებული კომპანია თვალს ადევნებს და მის გადაწყვეტილებას მიჰყვება” – ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმება საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირების შესახებ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომ საქართველო საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება.
„ამას, რა თქმა უნდა, განაპირობებს ჩვენთან შექმნილი ხელსაყრელი, სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესის კეთების გარემო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ამ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების მოტივატორი, თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მაღალ დონეზეა ორმხრივი თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ტურიზმის მიმართულებითაც” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური მთავრობისა და თავად პრეზიდენტის უშუალო ჩართულობა იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კომპანიას აღნიშნული საინვესტიციო გადაწყვეტილება მიეღო. მისი თქმით, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ კერძო ინვესტიცია და ამ შემთხვევაში, აბუ-დაბის მთავრობაც აქტიურად იქნება წარმოდგენილი, როგორც ინვესტორი.
„ამ ინვესტიციით, ვფიქრობ, ახალ ეტაპზე გადადის, ზოგადად, ამ ქვეყანასთან ორმხრივი თანამშრომლობა, ჩვენ ამისთვის ბევრი სამუშაო გავწიეთ. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო საქართველო, რომელმაც ე.წ. ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან – ეს შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა გასულ წელს, ამის ერთ-ერთი გაგრძელებაა ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება საქართველოში, რომელიც არის ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისი” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.