ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის ფუნქციის შემდგომი განვითარება საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი თანამშრომლობის განსაკუთრებული პრიორიტეტია, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ არსებული პოტენციალი

დაკავშირებადობის ფუნქციის შემდგომი განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, ეს არის ორმხრივი თანამშრომლობისთვისაც განსაკუთრებულად პრიორიტეტული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნეს ათვისებული და სწორედ ამას ემსახურება ერთობლივი პროექტები.

„ჩვენ, ორ ქვეყანას ერთად შეგვიძლია განსაკუთრებული როლი შევასრულოთ დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ჩვენ, გეოგრაფიულად ერთმანეთს ვაკავშირებთ ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ეს პოტენციალი. სწორედ ამას ემსახურება ის პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა ორი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საუბარი მაქვს სტრატეგიულ პროექტებზე და როგორც უკვე აღინიშნა, არის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ფუნქციის მაქსიმალურად ათვისებას ჩვენი სახელმწიფოების მიერ. მზად ვართ, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა და ვიმუშაოთ აქტიურად,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი საქართველოში მიიწვია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მოხარულები ვართ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ხუთეულში იკავებს ადგილს. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და ამაზეც გვქონდა საუბარი დღევანდელ კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე.

ჩვენს ურთიერთობასა და თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი, რაც არის ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ხალხების წინაშე, რომ ამ მეგობრობის საფუძველზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. ამისთვის ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, პარტნიორებს, პირადად ბატონ პრეზიდენტს, მათი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, არაჩვეულებრივი პარტნიორობისთვის. ამ სულისკვეთებით, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი მაქსიმალური თანამშრომლობა და მეგობრობა. ჩვენ ველით პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ წელს გვექნება მისი მასპინძლობის საშუალება ჩვენს ქვეყანაში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები