“ზურაბიშვილს არცერთი სიტყვა არ შეუსრულებია” – გურამ მაჭარაშვილი
”ქართულმა საზოგადოებამ ზურაბიშვილს ლეგიტიმურობა ჩამოართვა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერს მისცა ხმა იმ ხელისუფლებას, რომელმაც დაუჭირა მხარი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს”, – ამის შესახებ ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“ის, რომ 3/4-ით ცარიელ დარბაზში “დაიფიცა” ზურაბიშვილმა, ესეც ნახა მთელმა მსოფლიომ და საქართველომ. შესაბამისად, ზურაბიშვილს არცერთი სიტყვა არ შეუსრულებია და ბუნებრივია, არ შეასრულებდა და ვერ შეასრულებდა ამ სიტყვას, რომელიც დაიფიცა ევროპარლამენტში. ქართულმა საზოგადოებამ ზურაბიშვილს ლეგიტიმურობა ჩამოართვა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერს მისცა ხმა იმ ხელისუფლებას, რომელმაც დაუჭირა მხარი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს.
რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, დამერწმუნეთ, ბევრი გამოჩნდება 2025 წლიდან ევროპარლამენტარიც, კონგრესმენიც და სხვა პარტნიორიც, რომელიც უკვე მეტ-ნაკლებად დაიწყებს ობიექტურად შეფასებას, საქართველოს სახელმწიფოზე, იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა ევროკავშირის საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ამერიკის საზოგადოების უმრავლესობამ და ქართული საზოგადოების უმრავლესობამ”, – აცხადებს მაჭარაშვილი.