ლას-ვეგასში, დონალდ ტრამპის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა.
როგორც BBC იუწყება, აფეთქების შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი და მსუბუქად დაშავდა შვიდი ადამიანი.
ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა, კევინ მაკმეჰილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, იყო თუ არა ეს ფაქტი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირის, Tesla-ს მფლობელ ილონ მასკის წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული ქმედება.
მედიის ცნობით, სატვირთო მანქანა კოლორადოში იქირავეს და ქალაქში აფეთქებამდე ორი საათით ადრე ჩაიყვანეს. ის სასტუმროს წინ, შესასვლელთან იყო გაჩერებული, რა დროსაც მას ბოლი აუვიდა და აფეთქდა.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი. როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, თეთრი სახლი თვალყურს ადევნებდა ინციდენტს. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ არსებობს თუ არა რაიმე შესაძლო კავშირი Cybertruck-ის აფეთქებასა და ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას შორის.