თურქეთი, შესაძლოა, გახდეს გაზის ექსპორტიორი ევროკავშირის ქვეყნებში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია თურქულ გამოცემა Hürriyet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსული გაზის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით შეწყდა, როდესაც ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. უკრაინამ განაცხადა, რომ შეთანხმებას არ გაახანგრძლივებს. თურქეთი ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ერთადერთი უსაფრთხო ალტერნატივაა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ გეოგრაფიული მდებარეობის გარდა, თურქეთს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების დღიდან თურქეთიდან გაზი ისეთ ქვეყნებში გაიყიდა, როგორებიცაა მოლდოვა, ბულგარეთი და უნგრეთი. თურქეთს ასევე აქვს პოტენციალი, რომ ევროპულ ბაზრებზე უფრო დიდი მოცულობის გაზის ექსპორტიორი გახდეს, თუ საბერძნეთთან და ბულგარეთთან კავშირის სიმძლავრეები გაიზრდება. თურქეთში წარმოებული გაზის გარდა, შეიძლება სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული გაზიც ევროპაში გაიყიდოს“, – ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთი ამჟამად იღებს ბუნებრივ გაზს რუსეთიდან „ლურჯი ნაკადის“ და „თურქული ნაკადის“ მილსადენებით, ასევე აზერბაიჯანიდან და ირანიდან TANAP-ით. ის უკვე ყიდის ბუნებრივ აირს ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, უნგრეთში, მოლდოვასა და რუმინეთში.