საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა 2024 წელს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა, 2024 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

შესაბამის ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ყველა თანამშრომლის შრომა ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანია, თითოეული თქვენგანის წვლილი ქმნის ძლიერ და მაღალპროფესიულ პროკურატურას, ხელს უწყობს უკეთეს მართლმსაჯულებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს, გუნდური მუშაობისთვის” , – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს შეუქცევად განვითარებას და პროფესიული სტანდარტების ამაღლებას.

შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

“კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, 2024 წელს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა 114 თანამშრომელს, მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭა – 33 თანამშრომელს. სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდა და 2024 წლის საუკეთესო პროკურორის სტატუსი ორი პროკურორს, ხოლო საუკეთესო გამომძიებელის ერთ გამომძიებელს მიენიჭა. წლის საუკეთესო სტრუქტურულ დანაყოფად ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა, ხოლო წლის ყველაზე დატვირთულ რაიონულ პროკურატურად ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურა დასახელდა. სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის შესაბამისი ჯილდოები სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო და სენაკის რაიონულ პროკურატურებს გადაეცათ.

საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, მადლობა გამოეცხადათ და შესაბამისის სიგელები გადაეცათ პროკურორებს, რომლებმაც 2024 წელს ყველაზე მეტი საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, ყველაზე მეტი სრულწლოვნის მიმართ გამოიყენეს დევნის ალტერნატიული მექანიზმი და ყველაზე მეტი არასრულწლოვანი განარიდეს.

სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის პროკურატურის სამ თანამშრომელს ყველაზე მაღალი ჯილდო – საქართველოს პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა.

გიორგი გაბიტაშვილმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული წელი უსურვა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები