“ვერანაირი სანქციები, აგებული უსამართლობასა და იმპერიულ ნარატივზე ძალის პოზიციიდან, საბოლოოდ სიმართლეს ვერ გადაფარავს, მათი ერთი შეხედვით სიმწვავის მიუხედავად” – ცუცქირიძე
“როდესაც მეკითხებიან, გადავაფასებდი თუ არა ჩემს სტატუსებს დღევანდელი პროტესტის შეფასებაში, ბუნებრივია, ადამიანს უნდა შეეძლოს გადაფასებაც წინა შეფასებების, თუ ამას სწორედ თვლის, თუმცა, მაინც ვეჭვობ, პოზიცია შევიცვალო”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე წერს, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი მთელი საქართველო არ არის.
“ყოველთვის პრინციპული წინააღმდეგი ვიყავი მიტინგების ძალადობრივი ფორმისა და როდესაც პროტესტმა აშკარად ძალადობრივი ხასიათი შეიძინა, ბევრი მათი მხარდამჭერის თუ გულშემატკივრისაგან განსხვავებით, პრინციპულად საწინააღმდეგო პოზიცია მქონდა და არც იმ ჯგუფების პატრიოტიზმისა მწამდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს- პარლამენტის შენობას მოლოტივის კოქტეილებს რომ ესროდენ და გადაწვეს. ეს არის ჩვეულებრივი ვანდალიზმი და კრიმინალი! აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა უსამართლოდ ნაცემ ახალგაზრდასთან თუ სტუდენტთან ვიხდი ბოდიშს, იმ პროტესტში ჩემი სტუდენტების ნაწილიც მონაწილეობდა, მაგრამ პოზიცია ცალმხრივი არ უნდა იყოს, იქ პოლიციის ნაწილიც დაზარალდა!
სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური უფლება ძალის გამოყენებაზე და თუ ხელების გადაგრეხვაზე მიდგება საქმე, სახელმწიფოსთან “ომს” ვერავინ მოიგებს, ყოველგვარი კეთილი სურვილების მიუხედავად, ძალის გადამეტება ამ სიტუაციის მძევალია, თუმცა ზოგჯერ არა გამართლებადი!
ჯაჭვის პერანგიც მზადდებოდა მტრისგან დასაცავად და არა საკუთარი ხელისუფლების გარე ძალთა მხრიდან დასამარცხებლად!
არც რუსთაველზე მიმდინარე პროტესტია მთელი საქართველო, არანაკლებ ხალხმრავალი საახალწლო კონცერტები ტარდება ქვეყნის ქალაქებში და რეგიონებში და თქვენ წარმოიდგინეთ, არც მთელი თბილისია!
დღევანდელ სიტუაციას რაც შეეხება. ვერანაირი სანქციები, აგებული უსამართლობაზე და იმპერიულ ნარატივზე ძალის პოზიციიდან, საბოლოოდ სიმართლეს ვერ გადაფარავს, მათი ერთი შეხედვით სიმწვავის მიუხედავად და ყველა დიდი თუ მცირე იმპერია ამ პარადიგმამ იმსხვერპლა საბოლოოდ! შორს არ წავალ, რუსეთის იმპერიაც, ბრიტანეთისაც და თურქეთისაც თავის დროზე სხვათა შორის!
იმედია, ოფიციალურ ვაშინგტონში ეს კარგად აქვთ გააზრებული!”, – წერს ცუცქირიძე.