“ოპოზიციონერები ძირითადად უტაქტოდ იქცევიან ხოლმე, როდესაც ვინმე ან რამე არ ჯდება ზუსტად იმ ნარატივში, რა ნარატივსაც ისინი ავრცელებენ” – მაკა ბოჭორიშვილი
“ოპოზიციონერები ძირითადად უტაქტოდ იქცევიან ხოლმე, როდესაც ვინმე ან რამე არ ჯდება ზუსტად იმ ნარატივში, რა ნარატივსაც ისინი ავრცელებენ”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„აღმოჩნდა, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ეცადა, მაქსიმალურად ობიექტური ყოფილიყო შეფასებებში და გაეთვალისწინებინა ყველას პოზიციები, რაც მოისმინა. ის ჩამოვიდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა, შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და მხოლოდ შემდგომ გააკეთა კომენტარები პრესისთვის.
ალენ ბერსე რომ ჩამოვიდა საქართველოში, არ ჰქონია პრესასთან კომუნიკაცია, არც პრემიერ – მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, არცერთი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ არ ყოფილა ეს კომუნიკაცია. მან ეს გააკეთა ვიზიტის ბოლოს, როდესაც ყველას მოუსმინა, ყველასთან ჰქონდა კომუნიკაცია და შემდგომ ერთგვარი ობიექტური რეალობის გათვალისწინებით გააკეთა ის გზავნილები, რაც მოისმინა და ნახა საქართველოში და რაც არ მოეწონა ოპოზიციას.
საქმე როდესაც ეხება ობიექტურ შეფასებებს და ობიექტურ რეალობას, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მათთვის და ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. არ ჩაჯდა აშკარად ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მათ გემოვნებაში და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ეს ადამიანი. საკმაოდ უხეში, კრიტიკული კომენტარები კეთდებოდა მისი მიმართულებები სოციალურ მედიაში.
ვიზიტი იყო საინტერესო, რადგან განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებში, სადაც ჩვენ ვართ წევრები, არის სხვადასხვა მექანიზმი, რაც შეიძლება გამოიყენოს ხოლმე ქვეყანამ, როდესაც გარკვეული მოცემულობაა. ამ შემთხვევაში, ჩვენთან რაც ხდება, არის ევროსაბჭოს გარკვეული მექანიზმები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს, თუკი ჩვენ გვსურს, რომ სიტუაცია განიმუხტოს, ან რაღაც კონკრეტულ მიზანს მიაღწიო. სწორედ ეს შემოგვთავაზა მან.
თუკი რაღაცის საფუძველი იყო გაზაფხულიდან დაწყებული პროტესტი, რომელზეც ასევე ეუთო/ოდირის არჩევნების შეფასებაშიც არის საუბარი, რომ ამან შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო გარემოზე თუ არჩევნებზე, უნდა დაუბრუნდე ამ საკითხს და შესთავაზო ქვეყანას, რომ მოდით ამაზე ვისაუბროთ. სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ „თუ გამჭვირვალობის კანონის შეცვლის შესაძლებლობა არსებობს, ვისაუბროთ ამაზე და ამაში დაგეხმარებიან ჩვენი ექსპერტები“.
იცით, რატომ იყო ეს საინტერესო? გაზაფხულზე, როდესაც გამჭვირვალობის კანონის მიღების პროცესი მიმდინარეობდა, მუდმივად ვითხოვდით დიალოგს პარტნიორებთან და ჩართულობას ამ პროცესში, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. ძალიან ხისტი დამოკიდებულებები იყო საქართველოს ამ პროცესთან დაკავშირებით, რომ კანონი არ უნდა მიგვეღო, მაშინ როდესაც ვხსნიდით იმ ობიექტურ საჭიროებებს, რატომაც იყოს ეს კანონი ინიციირებული.
თუკი ახლა გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ამ კანონზე ვიმსჯელოთ რეალურად იმისთვის, რომ ჩვენი ობიექტური საჭიროებებიც გათვალისწინებული იყოს და თუ კი არსებობს რაიმე სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება, იმასაც შეესაბამებოდეს, ეს პროცესი მხოლოდ საინტერესო უნდა იყოს. კარგია, რომ ასეთი გახსნილობა აჩვენა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და შესაძლებლობის გზა მოგვცა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.