ნანა კაკაბაბაძე ევროსაბჭოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს -„ევროსაბჭო მოლაშვილის წამებაზე დუმდა“
“ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში პატიმრებს პოლიტიკური ნიშნით არჩევს.
როგორც კაკაბაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მან 2004 წელს ევროსაბჭოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველოში ევროსაბჭოს მომხსენებლებმა მოლაშვილი საკანშიც მოინახულეს, დოკუმენტაციაც მიიღეს წამების შესახებ, თუმცა ამის შესახებ რეზოლუციაში არაფერი უთქვამთ და არც რაიმე რეაქცია ჰქონიათ.
„2004 წლის 22 აპრილს კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი დააპატიმრეს. 4 ივნისს მე ჩავატარე პრესკონფერენცია. მაია ნიკოლეიშვილთან ერთად შესული ვიყავი მოლაშვილთან საკანში და წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ამსახველი კადრები გადავიღეთ და გამოვიტანეთ. 6 ივნისს შევხვდი მათიას იორშს, რომელიც იყო ევროსაბჭოს წარმომადგენელი საქართველოში. მე მას გადავეცი ეს დოკუმენტები და ვთხოვე, რომ შესულიყო და მოენახულებინა მოლაშვილი. ის და კირილოვი შევიდნენ მეშვიდე საპყრობილეში მოლაშვილთან და მონახულეს. ის ჰყავდათ აბსოლუტურად ბნელ ოთახში, ნახეს წამების კვალი. მასთან ერთად იყვნენ ელენე თევდორაძე და თინა ხიდაშელი, რომელიც მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენდა. შემდეგომ ევროსაბჭოს წარმომადგენლები დაბრუნენ ევროსაბჭოში და არანაირი განცხადება მაშინ ამაზე არ გაკეთებულა.
მოლაშვილი 2004 წლიდან 2006 წლის თებერვლამდე იჯდა ციხეში. თითქმის 22 თვის განმავლობაში ის იყო წინასწარ პატიმრობაში, მაგრამ ამაზე განცხადება ევროსაბჭოს არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ამის შესხებ. 33 კაცს, როდესაც საქართველოში იყვნენ, პარლამენტშივე გადავეცი მოლაშვილის წამების შესახებ მთელი დოკუმენტაცია, მაგრამ ამას რეაქცია არ მოჰყოლია. „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, პროკურატურის წინასწარი მოთხოვნით, 100%-ით ხდებოდა სასამართლოს მიერ პატიმრობის დადასტურება.
ევროსაბჭოს რეზოლუცია ორმაგი სტანდარტია. ძალიან კარგია, რომ ასეთი ფხიზელი თვალით უყურებს ევროსაბჭო საქართველოში პატიმრებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით. უფრო უარეს მდგომარეობაში სულხან მოლაშვილზე არ გაკეთებულა განცხადება. კონტროლის პალატის თავმჯდომარე უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობაა, ვიდრე ბაჩო ახალაიას მაშინდელი თანამდებობა. ასევე დავით მირცხულავას, რომელიც იყო ენერგეტიკის მინისტრი ამ პერიოდში, იჯდა წინასწარ პატიმრობაში და არც მასზე არ გაკეთებულა განცხადება“, – განაცხადა კაკაბაძემ.
ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს იმ პერიოდის ხანგრძლივობის გამო, რაც ახალაიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა უწევს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს ყველა სახის სამართლებრივი საშუალება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თვალსაზრისით.
“იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური გარემო ყოფილი ხელისუფლების წევრების სამართლებრივი დევნის გამო მნიშვნელოვნად დაიძაბა, ასამბლეა მიესალმება შესაძლო ამნისტიის წინადადებას, მძიმე დანაშაულების გამოკლებით”- აღნიშნულია რეზოლუციაში.