ვოლსკი – ოპოზიციაზე: მათთვის ყველა პრორუსია, ვინც ფსევდოლიბერალურ და ფაშისტურ ნარატივს არ ემთხვევა
“იტალიამ სანქციების მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, ლიხტენშტაინმა მასალები მოითხოვა, სადაც შეიძლება, არჩევნები გაყალბებულად ჩაითვალოსო. მთელი რიგი ქვეყნებია, რომლებიც მხარს არ უჭერენ რადიკალიზმს საქართველოსთან მიმართებით და ობიექტურ პოზიციაზე დგანან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციისთვის ყველა პრორუსია, ვისი მოსაზრებებიც ფსევდოლიბერალურ და ფაშისტურ ნარატივს არ ემთხვევა.
„სულ ახლახან, „ნაცმოძრაობამ“, ძველმაც და ახალმაც, სალომე ზურაბიშვილმაც ხაზი გაუსვეს, რომ დონალდ ტრამპი რუსული პროექტია და რუსეთის ჩართულობით წარიმართებოდა ამერიკაში არჩევნები. ეს სალომე ზურაბიშვილმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა. იქამდე ტრამპი ისეთი სიტყვებით ლანძღეს, რომ ამის გამეორებაც შეუძლებელია. ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის წევრებიც დაასახელეს, როგორც რუსეთის აგენტები. უფრო მეტიც, იმ ორგანიზაციის მომავალი დირექტორი, რომელიც მთელი უსაფრთხოების უშველებელი სისტემის კოორდინაციას მოახდენს, უკრაინელების მიერ შეტანილია პერსონა ნონგრანტთა სიაში და სანქციები აქვს დაწესებული იმის გამო, რომ არ უნდა, მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლმა ჩაყლაპოს. მეტი რაღა უნდა ითქვას? რა გვიკვირს, ფიცოს და ორბანის წინააღმდეგ თუ აკეთებენ განცხადებებს. მათთვის ყველა პრორუსია, ვინც ფსევდოლიბერალურ და ფაშისტურ ნარატივს არ ემთხვევა. ამათ ომის პარტიაც ჰქვიათ და უსამშობლოთა გაერთიანებაც. იტალიამ თავი შეიკავა, ლიხტენშტაინმა მასალები მოითხოვა, სადაც შეიძლება არჩევნები გაყალბებულად ჩაითვალოსო. მთელი რიგი ქვეყნებია, ვინც ამას მხარს არ უჭერენ და ობიექტურ პოზიციაზე დგანან, მათ შორის ანტიდემოკრატიული ნარატივის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრად გამოდიან უნგრეთი და სლოვაკეთი. რა გადაწყვეტილებებსაც ჩვენ მიმართ იღებენ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც საგარეო კურსთან და არც არჩევნებთან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.