“ჩემს უკრაინელ კოლეგებს ვაფრთხილებდი, არ ქცეულიყვნენ ბრძოლის ველად, რომ არ ეთამაშათ ამერიკული გეოპოლიტიკური თამაში” – ჯეფრი საქსი

“ჩემს უკრაინელ კოლეგებს ვაფრთხილებდი, არ ქცეულიყვნენ ბრძოლის ველად, რომ არ ეთამაშათ ამერიკული გეოპოლიტიკური თამაში. მე მათ სიტყვასიტყვით ვუთხარი, რომ „ისინი ევროპის ავღანეთად გადაიქცეოდნენ“ და ეს მოხდა, სამწუხაროდ”, – ამის შესახებ ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში პროფესორმა, ჯეფრი საქსმა განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს დიდი ყურადღებით აკვირდება.

„დიდი ყურადღებით და დარდით ვადევნებ თვალს მოვლენებს. სამხრეთ კავკასიაში რთული ვითარებაა. არა მარტო საქართველოში, სომხეთშიც რთული ვითარებაა, აზერბაიჯანშიც. მე ახლახან თქვენს სამეზობლოში, ბაქოში ვიმყოფებოდი გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, ვიყავი ერევანშიც. რამდენიმე წლის წინ მქონდა შესანიშნავი ვიზიტი თბილისშიც და საკუთარი თვალით ვიხილე საქართველოს სილამაზე. სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო სტრესშია, ვინაიდან მათ გარშემო სამი დიდი მოთამაშეა – რუსეთი, თურქეთი და ირანი. შესაბამისად, ეს ძალიან რთული რეგიონია.

დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს. საქართველო უკვე ათასობით წელია, ახერხებს, რომ გადარჩეს, სომხებიც. ამ შეზღუდულ სივრცეში, სადაც ბევრი კონფლიქტია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ღია ომია, სამივე სახელმწიფო მოწყვლადია და საერთო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მათ შორის თანამშრომლობა აუცილებელია.

რაც შეეხება გარშემო მდებარე სამ, გაცილებით დიდ სახელმწიფოს. მათ შორის ყველაზე ძლიერი რუსეთია, არც ირანი და თურქეთი არიან მაჩანჩალები. მიმაჩნია, რომ ამ სამ დიდ სახელმწიფოს შორის არის თანხმობა მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს ემსახურება ეკონომიკურ განვითარებას, ყველასათვის ცნობილი ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნების გათვალისწინებით. მე ძალიან ვემხრობი და იმედი მაქვს, გულუბრყვილობაში არ ჩამომერთმევა ეს მრწამსი, 3+3-ის ფორმატთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოსა და მათ გარშემო მდებარე სამ საერთაშორისო მასშტაბის ძალას შორის ნორმალურ, დინამიკურ დიალოგს, საერთო საინვესტიციო პროგრამებს, მდგრადი განვითარების სტრატეგიებს და წინ მიმავალ პრაქტიკულ ნაბიჯებს.

მიმაჩნია, რომ გარე ძალებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას, დიდი წინდახედულობა მართებთ, რათა ვითარების დესტაბილიზაცია არ გამოიწვიონ. მე ხშირად ვდარდობ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიზეზით, ვინაიდან მე როგორც ამერიკელი, რამდენიმე ათწლეულია, ვადევნებ თვალს ამას და უდავოა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვევა, რომ ამა თუ იმ ადგილობრივი ვითარების არცთუ ისე კარგად ფლობის ფონზე, ბევრი რამე ავრიოთ, გვაქვს ჩვევა, რომ მოვიქცეთ დაუდევრად და მცირე სახელმწიფოების ბედის სრული უგულებელყოფით”, – აღნიშნა პროფესორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები