საქპატენტში საარქივო მასალების გაციფრულების პროცესი გრძელდება

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტში“ 1992-2017 წლებში ფორმირებული დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავებისა და გაციფრულების (დიგიტალიზაციის) სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. სამუშაოები ხორციელდება საქპატენტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საარქივო წესების სრული დაცვით.

დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის 1992-1996 წლების დოკუმენტები (2341 საქმე) და მიმდინარეობს სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის 1992-1993 წლების დოკუმენტების (1100 საქმე) დამუშავება. 2 ოქტომბრიდან დაიწყო დამუშავებული მატერიალური საარქივო დოკუმენტების გაციფრულება (დიგიტალიზაცია). დასკანერებული და არქივის ელექტრონული კატალოგის სპეციალურ პროგრამაში ატვირთულია გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის 1992-1993 წლების დოკუმენტები (980 საქმე/118000 ფაილი).
საქპატენტის მატერიალური და ელექტრონული არქივის ფორმირება, რომელიც 2025 წლიდან საქპატენტის თანამშრომლების რესურსით გაგრძელდება, ხანგრძლივი პროცესია და, საორიენტაციოდ, 5 წელი გასტანს. საარქივო მასალების მოწესრიგება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. უწყების დაფუძნებიდან დღემდე არსებული მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი მატერიალური დოკუმენტაციის სამეცნიერო-ტექნიკურ დამუშავებას (ფურცლობრივი ექსპერტიზის ჩატარება, აღწერათა შედგენა, ჩანაწერის მომზადება და საქმეებად ფორმირება) საქართველოს ეროვნული არქივი უზრუნველყოფს. გაციფრულების შედეგად ციფრულ ფორმატში იქმნება გამოყენებითი ფონდი, რომელიც ციფრული არქივის კატალოგის სახით იქნება ხელმისაწვდომი.
დაჩქარებული ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში, ორგანიზაციების უმრავლესობას მწვავედ უდგას მატერიალური დოკუმენტების ციფრულ ფორმატში მიგრაციისა და სისტემატიზაციის საჭიროება. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები იძლევა ელექტრონულ დოკუმენტებთან წვდომის გამარტივებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას. ამასთანავე, მატერიალური დოკუმენტების დიგიტალიზაცია ინფორმაციის დაცვის დივერსიფიკაციის უმთავრესი მეთოდი და მუდმივი შენახვის გარანტიაა. შესაბამისად, საქპატენტის მატერიალური და ციფრული არქივის შექმნა უზრუნველყოფს ელექტრონულ და მატერიალურ ფორმატში დოკუმენტების მარტივ და სწრაფ ხელმისაწვდომობას, ასევე, ინფორმაციის დაცვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები