ლევან მაჭავარიანი: სანქციებს უკვე მივეჩვიეთ

“ქართული ოცნების” წევრი, ლევან მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ახალ პაკეტს გამოეხმაურა.

“ჩვენ სანქციებს უკვე მივეჩვიეთ, უკვე ერთი წელი თუ წელიწად-ნახევარია ეს რიტორიკა გვესმის, არც აკონკრეტებენ, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან და მათი მხრიდან ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. შევახსენებ საზოგადოებას, მოქმედ ადმინისტრაციას სულ რაღაც ერთ თვეზე მეტი დარჩა სამუშაოდ და სამწუხაროდ ცდილობენ, ისეთი მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ ახალ ადმინისტრაციას არამარტო საქართველოსთან მიმართებით, ზოგადად, გლობალურ ჭრილშიც. ამის თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც რამდენიმე კვირის წინ უკრაინას უფლება დართეს, რომ ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა რუსეთის ტერიტორიაზე. ამას ისინი არ აკეთებდნენ სამი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ეს არის კუდის ბოლო მოქნევა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები