თეონა აქუბარდია: მშვიდობიანი პროტესტის განგრძობითობასთან ერთად სანქციები დამხმარე ბერკეტია, რომ მიზანს მივაღწიოთ და ქვეყანა ხელახალი არჩევნების გზით კონსტიტუციურ სივრცეში დავაბრუნოთ
“მნიშვნელოვანია ორი რამე: მომხდარიყო არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურად ცნობა, რაც უკვე შედგა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად დასავლეთისგან ბერკეტად სანქციები ყოფილიყო დაწესებული”, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტის განგრძობითობასთან ერთად სანქციები დამხმარე ბერკეტია, რომ ქვეყანა ხელახალი არჩევნების გზით კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნდეს.
„აქ უკვე ჩამონათვალია, რომ არიან უკანონო მთავრობის ე.წ. მინისტრები, ე.წ. პარლამენტარები და მათ შორის უსაფრთხოების და სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავე ის პირები, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ წამების მეთოდებს იყენებენ. ამიტომ, ეს არის პრელუდია და დასაწყისი. ის დამატებითი სავიზო შეზღუდვები, რომელიც უკვე გამოცხადებულია ივანიშვილის ე.წ. მთავრობასა და ე.წ. პარლამენტზე არის პრელუდია. განცხადებაში მოხსენიებულია ასევე, რომ სანქციების პროცესი მუშავდება და ეს სანქციები არის სწორედ იმ ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც ორი კვირის მანძილზე იცავს ამ ქვეყნის კონსტიტუციას, მიუხედავად სიცოცხლის საფრთხის შექმნისა, რასაც ივანიშვილი ახორციელებს.
გავლენა, რა თქმა უნდა, სანქციებს ექნება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის დაწესებულია იმ პასუხისმგებელ პირებზე და ორგანიზატორებზე, რომლებიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წამების მეთოდებს იყენებენ. ეს არის დამხმარე ბერკეტი, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პროტესტის განგრძობითობასთან ერთად, რომ ჩვენ მივაღწიოთ მიზანს და ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციურ სივრცეში ხელახალი არჩევნების გზით“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.