შალვა პაპუაშვილი: მოქმედმა პრეზიდენტმა იმდენად დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ მომავალ პრეზიდენტს დასჭირდება საკმაო დრო იმისთვის, რომ გამოასწოროს ეს დაზიანებული რეპუტაცია

“პრეზიდენტის ინსტიტუტმა ძალიან დიდი ზიანი მიიღო წინა პრეზიდენტების წყალობით და განსაკუთრებით მოქმედმა პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, იმდენად დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ მომავალ პრეზიდენტს დასჭირდება საკმაო დრო იმისთვის, რომ გამოასწოროს ეს დაზიანებული რეპუტაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელება სწორი გადაწყვეტილებაა.

„რაც შეეხება ჩვენს კანდიდატურას, ჩვენ თავიდანვე ვთქვით და ეს ოპოზიციის რეაქციებმაც აჩვენა, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო მიხეილ ყაველაშვილის დასახელება ამ პოზიციაზე.

სხვა პრეზიდენტებისგან ასეთი უხეში და თავხედი საჯარო დარღვევა კონსტიტუციური უფლებამოსილებისა ჩვენ არ გვინახავს, რასაც ქალბატონო სალომე აკეთებს, მან, ფაქტობრივად, ქართველ ხალხს თავზე გადაახია კონსტიტუცია. მან თქვა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ქართველმა ხალხმა რა კონსტიტუცია დაადგინა. მან პრეზიდენტის ინსტიტუტი აქცია საკუთარ უკანა ეზოდ, სადაც, როგორც უნდა ისე მოიქცევა და რასაც უნდა გააკეთებს, ვინაიდან მას დაბევებული ჰყავდა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, რომ მისი იმპიჩმენტი პარლამენტში ვერ შედგება, ამიტომ აბსოლუტურად თავზეხელაღებულად მოქმედებდა. სამწუხაროდ, ამაში მას ეხმარებოდა ადგილობრივი პოლიტიკური ძალები, ოპოზიცია, რომელიც მას აქეზებდა კონსტიტუციის დარღვევისკენ და, სამწუხაროდ, ამაში ჩართული იყო ბევრი უცხოელი, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსი თუ ლიდერი, რომლებმაც უბრალოდ ქართველი ხალხი არაფრად არ ჩაგვაგდეს და ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ხალხის ნება აბუჩად აიგდეს იმით, რომ პრეზიდენტს ხელს უწყობდნენ კონსტიტუციის დარღვევაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები