შალვა პაპუაშვილი: ბოლო დღეებში ვხედავთ მშვიდობიან, უკვე შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისგან
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მშვიდობიანად მიმდინარე, უკვე შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისგან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესი და დემონსტრაცია დაცულია, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმა და მასობრივი ძალადობა აუცილებლად აღიკვეთება.
“დემონსტრაციის ამგვარი ფერისცვალება მართლაც მისასალმებელია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესის პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნებას ასახავს.
ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ იმ ძალებსაც, რომელსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა, სიწყნარე, სოლიდარობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მოურიდებლად მინდა განვაცხადო, რომ ვინც ჩვენი ქვეყნის არ დამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს – მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად ვცდილობთ ვუპასუხოთ ყველაფერს. ვცდილობთ ავხსნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესი და დემონსტრაცია დაცულია, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმა და მასობრივი ძალადობა აუცილებლად აღიკვეთება. ვცდილობთ ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი. ქვეყანა, ყველაფრის მიუხედავად აგრძელებს არჩეული გზით სვლას და ცხოვრებას. ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად მივყვებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს, მივიწევთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.