დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ვხედავთ, რომ ქაოსური პროცესების დასასრული უკვე ახლოვდება, თუმცა ამ გზაზე ოპოზიცია და მათი პატრონები კიდევ შეეცდებიან, რომ გარკვეული არეულობა შემოიტანონ, მათ ამისთვის რამდენიმე თარიღი აქვთ, ზოგი საიმედო, ზოგი უიმედო
ჩვენ ვხედავთ, რომ ქაოსური პროცესების დასასრული უკვე ახლოვდება, თუმცა ამ გზაზე ოპოზიცია და მათი პატრონები კიდევ შეეცდებიან რომ გარკვეული არეულობა შემოიტანონ, მათ ამისთვის რამდენიმე თარიღი აქვთ, ზოგი საიმედო, ზოგი უიმედო, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„16 რიცხვში არის ევროპარლამენტში საგარეო მინისტრების შეკრება და საქართველოს საკითხი იხილება და მათ აქვთ მოლოდინი, რომ იქნება ძალიან მძიმე განცხადებები გაკეთებული და ამას რა თქმა უნდა გამოიყენებენ ისევ რადიკალიზაციისთვის და იმ უკვე მიკარგული მუხტის რეაბილიტაცია მოახდინონ.
შემიძლია მათ ვუთხრა, რომ არ იქნება ის, რაც მათ სურთ. მათთვის უიმედო 20 იანვარი გარდაუვალია, როცა ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება და ეს პროცესები ხელს შეუწყობს სტაბილიზაციას საქართველოში, რადგან პოზიტიურად უნდა განვითარდეს ყველა მოლოდინით მთელს მსოფლიოში.
ის, რაც ხდება თბილისის ქუჩებში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი არის მილევადი, ოპოზიციაზე დრო აღარ მუშაობს. მართალია დღე მათ ესტუმრა ევროპარლამენტარების ის ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრობით და იმ სამარცხვინო რეზოლუციების გამოცხობით, რომლებსაც უკვე ჩალის ფასი აქვს და ის უკვე საზოგადოებაში აღარ მუშაობს.
პრაქტიკულად დღევანდელი სტუმრობა ევროპარლამენტარების საკუთარ შემსრულებლებთან ჰგავს პოლიტიკურ აუდიტს. ისინი ჩამოვიდნენ, რომ დამატებითი მუხტი შესძინონ ამ პროცესს, რაც უკვე შეუძლებელია, ასევე გადახედონ თუ რა გაკეთდა და რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს იმისთვის, რომ აურზაური აურზაურად დარჩეს. ისინი ვერ იქნებიან კმაყოფილი მათი დაკვეთების შესრულებით ადგილობრივი აგენტურის მხრიდან.
ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი შეაჩეჩეს ამერიკის პრეზიდენტს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს მოუწია ზურგიდან კონტაქტის მცდელობა, რომელიც დასრულდა ხელის ჩამორთმევით და შემდგომ სამ წუთიანი საუბრით. ამის პარალელურად საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც არის წამყვანი ევროკავშირის პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის პრეზიდენტი, შეეცადა რომ საკუთარი სურვილით დაკონტაქტებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს და ეს საუბარი გაიმართა ერთი საათი. იქ იყო ზურგიდან მისვლა სამ წუთიანი საუბარი და აქ იყო აბსოლუტურად საპირისპირო. ეს მოწმობს იმას, რომ კონტაქტები შედგა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.