რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გამორთვის ახალი გრაფიკი დააწესა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია დღის განმავლობაში სულ 4 საათისა და 40 წუთის განმავლობაში მიეწოდება,- ამის შესახებ ადგილობრივი ,,მედია’’ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, 21:00-დან 7:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუზღუდავად განხორციელდება.
„რესპუბლიკის ენერგომომარაგებაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, 9 დეკემბრიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი. 21:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდვის გარეშე განხორციელდება“, – აცხადებენ ენერგოკომპანიაში.
როგორც ცნობილია, ყოველწლიურად, ნოემბრიდან აპრილამდე, ოკუპირებული აფხაზეთი სინათლის მაღალი მოხმარების გამო ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის. ენერგეტიკული დეფიციტის დასაფარად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა იძულებულია, რუსეთის ფედერაციიდან შემოიტანოს იგი. ელექტროენერგიის დღიური ნაკადი დე ფაქტო რესპუბლიკას 15 მილიონი რუბლი უჯდება. ეს თანხა 2024 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ ე.წ. მთავრობა გადახდის საშუალებების მოსაძებნად გადაუდებელ ზომებს მიმართავს. ასევე, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, “მოძრავი ჩაქრობის” რეჟიმი დაინერგა.