“დემონსტრაციებისა და შეკრებების დროს ნიღბების აკრძალვაზე შემოღებული იქნება რეგულაცია, ასეთი პრაქტიკა ევროპის ბევრ ქვეყანაშია” – ქადაგიშვილი
„ნიღაბი შენიღბვის საშუალებაა. შენიღბვა ემსახურება იმ მიზანს, რომ გინდა, რაღაც ისეთი ქმედების ჩადენა, რომლის ჩამდენის იდენტიფიცირება რთულად შესაძლებელია. როცა საუბარია ღია პროტესტზე, რა თქმა უნდა, იქ ნიღაბი არაფერ შუაშია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
“დემონსტრაციებისა და შეკრებების დროს როგორც არის სხვადასხვა რეგულაცია, შემოღებული იქნება ასეთი რეგულაციაც. ასეთი პრაქტიკა ევროპის ბევრ ქვეყანაშია და მათი გამოცდილების გაზიარების კუთხით ვიხელმძღვანელებთ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიღებული იქნება კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების, მათ შორის, კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.