“ყველას უნდა, იყოს გამარჯვებული, მაგრამ ამას ხალხი წყვეტს, დემოკრატიული პროცესის მიღმა ვერავინ ვერ მიიღებს ძალაუფლებას” – პაპუაშვილი
“ყველას უნდა, იყოს გამარჯვებული, მაგრამ ხალხი წყვეტს, ვინ არის გამარჯვებული, ასეა დემოკრატია. კაპრიზები არ არის დემოკრატიის ნაწილი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„26 ოქტომბერი იყო დღე, რომლისთვისაც უნდა ეზრუნათ, რომ მიეღოთ ხალხის მხარდაჭერა. მიიღეს ის მხარდაჭერა, რაც მიიღეს. ამას თავადაც აღიარებენ. ყველა ამ პარტიას თავად აქვს დასახელებული ხმების ის რაოდენობა, რაც მათ მიიღეს. როგორც გახარიას პარტიას აქვს დასახელებული, აღიარებული ის რიცხვი, რაც მათ მიიღეს, ასევე „ლელოს“ და სხვა პარტიებს. ეს არის დემოკრატია, ასე მოქმედებს დემოკრატია. კაპრიზები არ არის დემოკრატიის ნაწილი, გავიგე, რომ ყველას უნდა, იყოს გამარჯვებული, მაგრამ ხალხი წყვეტს, ვინ არის გამარჯვებული, ასეა დემოკრატია. ხალხმა ეს გადაწყვიტა და ყველა უნდა შეეგუოს. სხვა გამოსავალი აქ არ არსებობს.
კონსტიტუციის მიღმა ვერ დადგება ვერავინ და დემოკრატიული პროცესის მიღმა საქართველოში ვერავინ ვერ მიიღებს ძალაუფლებას. წერტილი. საქართველოში არ იქნება უკრაინაში მომხდარი მაიდანის მსგავსი პროცესები. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება აირჩევა დემოკრატიული წესით. 26 ოქტომბერს ხალხმა ეს არჩევანი გააკეთა და ყველამ პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.