პაპუაშვილი – ევროკავშირთან დაახლოების გზაზე: ვაგრძელებთ თანმიმდევრულად, მეთოდურად, დროში გაწერილად და გეგმაზომიერად

“რაც შეეხება ევროინტეგრაციას – გზას, რომელზეც 12 წლის განმავლობაში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ყველაზე შორს ვართ წასულები, ვიდრე ამას რომელიმე პოლიტიკური ძალა შეძლებდა. ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ თანმიმდევრულად, მეთოდურად, დროში გაწერილად და გეგმაზომიერად”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

“თუ რამეს მივაღწიეთ ამ მიმართულებით, სწორედ იმიტომ მივაღწიეთ, რომ გონივრულად, დაფიქრებით და სიბრძნით წარვმართეთ პროცესი. ამიტომ ენდო ამომრჩეველი ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენს მიერ შეთავაზებულ გზას და ამიტომ დაგვიტოვა ქვეყნის მართვის მანდატი. გამოცხადებულ ნდობას კი სამართლებრივ სახელმწიფოში ყველამ უნდა სცეს პატივი. დემოკრატიისა და ერთიან საზოგადოებაში თანაცხოვრების წესი ასეთია.

ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვეტი, რაზეც საზოგადოების თანხმობა და ემპათია დგას, სოლიდარობაა. კარგია, რომ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლებისგან ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის მაგალითი, განსაკუთრებით კი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ გამოხატული აგრესიის შემთხვევაზე. ეს მაგალითი უნდა დარჩეს, როგორც სახელმძღვანელო, რათა მომავალში ასეთი სოლიდარობა არ განირჩეოდეს პოლიტიკურ თუ კონკრეტულ მედიასაშუალებასთან კუთვნილების ნიშნით. შერჩევითი არც მართლმსაჯულებაა მართებული და არც სოლიდარობა. მნიშვნელოვანია სწორედ სოლიდარობის მაგალითის წახალისება და შექება და არა იმ სრულიად ფარისევლური პროცესის წაყრუება, როდესაც მედიაექსტრემისტებად ქცეული ფსევდო-ჟურნალისტები თავიანთი კოლეგების „დასახვრეტ“ სიებს აქვეყნებენ. პროსკრიფციების გამოქვეყნებით წარმართული ბრძოლა ცალსახადაა დასაგმობი.

სწორედ ამიტომ, ჩემი მოწოდებაა, კიდევ ერთხელ, შეწყდეს ძალადობა და აგრესია, პროცესი დაუბრუნდეს პოლიტიკური ცხოვრების კალაპოტს. არჩევნები ახალი დასრულებულია, პოლიტიკური ველი გადატვირთულია, ადამიანებმა თავისი ნება გამოხატეს თავისუფლად და შედეგიც სამართლიანად დადგა. ეს მოცემულობა უნდა მიიღოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ძალადობრივი აქციები უნდა დასრულდეს, მშვიდობიანად გამოხატული პროტესტი უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკური განვითარების კალაპოტს. ჩვენ ბუნებრივია მივესალმებით პროცესის სწორედ ამგვარ განვითარებას. დემონსტრანტებიც და პოლიტიკური ძალებიც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ჩვენს ქვეყანას, გაიხედონ მომავლისკენ და მოემზადონ ამომრჩეველთან უკეთესი კომუნიკაციისთვის.

და ბოლოს, მინდა გავამხნეო მთელი მოსახლეობა და პირველ რიგში ჩვენი, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები, მილიონ ას ოცი ათასი ადამიანი, რომ ყველაფერი იქნება კარგად. არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება. თქვენ მოგვანიჭეთ მანდატი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ვიცავთ და ვაფასებთ. ამ ნდობის გაცრუება არ და ვერ მოხდება. მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის კიდევ ერთხელ და მადლობა ამ ცხელ დღეებში თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, გვესმის და ვაფასებთ. უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილი ვითარება გამოძახილია იმ პროცესის რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს და საიდანაც აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები