“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” – საბოლოოდ დაკარგა სახე ევროკავშირის ბიუროკრატიამ

“საბოლოოდ დაკარგა სახე ევროკავშირის ბიუროკრატიამ. წლების განმავლობაში სტანდარტად ქცეული უსამართლო, არაობიექტური დამოკიდებულება გაგრძელდა იმით, რომ საკუთარი უარი მოლაპარაკების გახსნის ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ დააბრალეს”,- ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაშია აღნიშნული.

“კვირა” მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოში ძალადობრივი გადატრიალების მცდელობის მორიგი, 7-დღიანი ფაზა წარუმატებლად დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთგვარი ვა-ბანკი, როგორც ქვეყანაში მოქმედი აგენტურული ქსელის, ასევე მათი პატრონების მხრიდან.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 5 ნოემბერს აშშ-ში გამართულ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შედეგად, უკვე დაწყებულია ძალაუფლების გადაბარების პროცესი, რომელიც 20 იანვარს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციით უნდა დასრულდეს. აღნიშნულ თარიღამდე, დემოკრატების ადმინისტრაცია და მათი რეალური მმართველი ძალები ცდილობენ მაქსიმალურად რთული მემკვიდრეობა დაუტოვონ ახალ ადმინისტრაციას, ხოლო თავად შეძლონ ბერკეტების შენარჩუნება სხვადასხვა მიმართულებით. ამაზე მეტყველებს Deep State-ის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურის, ვიქტორია ნულანდის დანიშვნა „ეროვნული დემოკრატიის ფონდის“ (NED) დირექტორთა საბჭოში.

სწორედ აღნიშნული ფონდის მიერ დაფინანსებული პარტიის − „დროას“ ოფისში აღმოაჩინეს სამართალდამცველებმა აქციებზე ძალადობრივი ქმედებებისთვის განკუთვნილი საშუალებები. ხსენებული ოფისები რევოლუციური პროცესების ლოგისტიკური უზრუნველყოფისათვის გამოიყენებოდა. მათი რაოდენობა და ადგილმდებარეობა ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი აგენტურა დიდი ხანი ემზადებოდა მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებისთვის. ჩვენ ვიხილეთ წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული მასშტაბური პროცესი, რომელშიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია, ევროკავშირის ინსტიტუტები, საელჩოები, პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი, ენჯეოები, ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებები. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ არსებობს რაიმე თვისებრივი სხვაობა 4 ოპოზიციურ პარტიას შორის. ისინი რეალურად ერთ ძალას წარმოადგენენ, რომელიც საქართველოში უცხოურ ინტერესებს ემსახურება.

საბოლოოდ დაკარგა სახე ევროკავშირის ბიუროკრატიამ. წლების განმავლობაში სტანდარტად ქცეული უსამართლო, არაობიექტური დამოკიდებულება გაგრძელდა იმით, რომ საკუთარი უარი მოლაპარაკების გახსნის ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ დააბრალეს. ასეთი სიცრუის შედეგია თბილისში განვითარებული მასობრივი არეულობები და თითოეული დაშავებული ადამიანი არის სწორედ მათი პასუხისმგებლობა, ვინც ქართველ ხალხს ტყუილი აკადრა − იქნება ეს პაველ ჰერჩინსკი, პეტერ ფიშერი თუ სხვა.

ასევე, მათი წახალისებულია ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმის გაღვივება და არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებში, არამედ ქუჩის არეულობებში ბავშვების ჩართვა.

მსგავსი ამორალური მეთოდების გამოყენება მიუთითებს საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების აგონიურ მდგომარეობაზე. მათ ვერ მოახერხეს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა; წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის მიუხედავად, ვერ იმოქმედეს ქართველი ხალხის არჩევანზე; ვერ განავითარეს არჩევნების გაყალბების ცრუ პროპაგანდა. ახლა კი, როდესაც დიდი ცვლილებების შედეგად მათი ძალაუფლება დღეებს ითვლის, ისინი მიდიან ყველაფერზე იმისათვის, რათა საქართველო ცეცხლში გახვიონ.

მიგვაჩნია, რომ ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებით, საბოლოოდ გავანეიტრალებთ მომავალში მსგავსი, გარედან თავსმოხვეული პროცესების განვითარების რისკს.

აქვე, გვსურს მადლობა გადავუხადოთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, ასევე შეურაცხყოფისა და ბულინგის ფონზე იცავს სახელმწიფოს”,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები