გოგა გულორდავა: მედიაში არსებული პრობლემები იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავას განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო მიდგომის შედეგად გარანტირებულია მედიაპლურალიზმი და მრავალფეროვნება, თუმცა, მედიაში აშკარაა ისეთი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც პირველ რიგში მაყურებელს აზიანებს და ზრდის პოლარიზაციას.
მისივე თქმით, აღნიშნულ პრობლემებზე ასახულია ბევრ საერთაშორისო ანგარიშებში.
„წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები და გამოწვევები გვაქვს, სამწუხაროდ, დღეს მედია გაჯერებულია ყალბი ამბებით, მიკერძოებული საინფორმაციო გადაცემებით, ფაქტის დამახინჯებით, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით პოლარიზაციის გაღვივებით, სიძულვილის ენის დათესვით, რაც საბოლოო ჯამში მედიის საზოგადოებაზე გავლენის მასშტაბიდან გამომდინარე უკვე გასცდა იმ ჩარჩოებს რაც მედიაში არსებული გამოწვევა და პრობლემა ჰქვია, ის უკვე გადავიდა საზოგადოებაში. ნათლად ჩანს რაოდენ პოლარიზებას ახდენს მედიიდან გამოწვეული ზეგავლენა უკვე საზოგადოებაში, თუ რაოდენ პოლარიზებულია საზოგადოება, რაოდენ მიუღებელი ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა – რაზეც ვთანხმდებით, რომ ასე ვერ გაგრძელდება. ეს ყველაფერი ისახება საზოგადოებაზე და ზიანდება მაყურებელი, ზიანდება ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, რეგულაცია, და მისი უმთავრესი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ამ მავნე ზეგავლენიდან დავიცვათ ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.