ირაკლი კობახიძე – ჩვენ ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა, ღირსებით გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდით, ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე

ჩვენ ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა 4 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

“ღირსებით ამ 4 წლის განმავლობაში გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდით, პირველ ადგილზე ვართ ამ 4 წლის მონაცემებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც. ჩვენ ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი საქმიანობის 4-წლიანი შედეგები. სადაც აჩვენებ ღირსებას, იქ მიიღებ აუცილებლად ღირსეულ პასუხს, სადაც მოადუნებ ბრძოლას, არ აჩვენებ სათანადო ღირსებას, იქ პასუხიც იქნება შესაბამისი.

ჩვენ ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მომავალი წლის 20 იანვრიდან მიდგომები თვისებრივად შეიცვლება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან და ბევრად უფრო მეტად სამართლიანი იქნება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება ჩვენი ეროვნული მიზნების მიღწევაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები