საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში,რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18,229-ე მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.