“იმედია, ბალტიისპირეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები დაიცავენ დიპლომატიურ ეტიკეტს და გამოცხადდებიან საგარეო საქმეთა სამინისტროში” – მაია ბითაძე

“იმედია, ბალტიისპირეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები დაიცავენ დიპლომატიურ ეტიკეტს და ნორმებს, რაც საერთაშორისო სამართალში არსებობს, გამოცხადდებიან საგარეო საქმეთა სამინისტროში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის, როგორც ქართველი ერისთვის, განსაკუთრებით გამაოგნებელია ყოფილი სოციალისტური ბლოკის, განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ასეთი უხეში ჩართვა საქართველოს საშინაო საქმეებში, დიდი წნეხის განხორციელების მცდელობა როგორც ხელისუფლებაზე, ისე საქართველოს მოსახლეობაზე. ეს არიან ერები, რომლებმაც აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დატოვეს საბჭოთა კავშირი, სწორედ ქართველი ხალხის სისხლით მოპოვებული საბჭოთა კავშირის ნგრევის გათვალისწინებით. ასე რომ, გამაოგნებელია და ძალიან ცუდ, შავ ლაქად ჩაიწერება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს საქართველოს იმ მოქალაქეთა სია, რომლებსაც მათ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ. სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე, თეიმურაზ კუპატაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები