“ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საგარეო საქმეთა მინისტრები როცა გამოგზავნეს თბილისში, მაშინ მოახდინეს დეკლარირება, რა სჭირდებათ ქვეყნისგან, სჭირდებათ რეგიონში მუდმივი დესტაბილიზაციის კერა” – ვოლსკი
“ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საგარეო საქმეთა მინისტრები როცა გამოგზავნეს თბილისში, რომ რადიკალური პროცესების განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი, მაშინ მოახდინეს დეკლარირება, რა სჭირდებათ ჩვენი ქვეყნისგან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნისგან სჭირდებათ, რომ აქ, რეგიონში შეიქმნას მუდმივი დესტაბილიზაციის კერა, რომელზეც აუცილებლად მოახდენს რეაგირებას სხვადასხვა ძალა, მათ შორის საოკუპაციო ძალა, რომელიც თავისი ტანკით 600-700 მეტრში დგას მთავარი გზებიდან და კომუნიკაციებიდან. ეს არის მათი ამოცანა, ვინაიდან ყველაფერი მიდის იქით, რომ მსოფლიო დალაგდება, მოლაპარაკების პროცესი დაიწყება და ამ ვითარებაში თავისი გეგმის განხორციელებას ვერ შეძლებენ. კერძოდ, ხელისუფლებაში იმ ადამიანების მოყვანას, რომლებიც ყურმოჭრილი მონები იქნებიან და ნებისმიერ მითითებას შეასრულებენ, რაც კონკრეტული ქვეყნის და ქვეყნების გაერთიანების ამოცანას დასჭირდება.
ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც დღეს უნდა გვაღელვებდეს. მსოფლიოში იცვლება პროცესები, იცვლება კონიუნქტურა და რასაკვირველია, ამ პერიოდში მთავარი ამოცანაა საქართველოს დაჩაგვრა. მათ შორის ლიტვა, ლატვია, ესტონეთი გაცილებით ინტენსიურად ვაჭრობენ რუსეთთან, ეკონომიკური ურთიერთობები გაცილებით მაღალი აქვთ. ლიტვა მეტ ალკოჰოლურ სასმელს აწვდის, ვიდრე საქართველო. მაგალითისთვის, რაც უკვე დაფარულიც არ არის, რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ბიზნესს აკეთებს რუსეთში, განსაკუთრებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სწორედ იმის მაჩვენებელია, თუ რას ნიშნავს ორმაგი სტანდარტი და უსინდისო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელიც საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე იმყოფება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.