“კიდევ ერთხელ ვთხოვთ ახალგაზრდებს, დემონსტრანტებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დაიცვან პროტესტის გამოხატვის საზღვრები” – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
“დიდად ვწუხვართ, რომ, მიუხედავად ეკლესიის მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია 30 ნოემბერსაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მასმედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს”, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების მიხედვით, შექმნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას.
“ჩვენთვის ძვირფასია ორივე მხარეს მდგომნი და ვლოცულობთ მათთვის; ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის. ამასთან, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ახალგაზრდებს, საერთოდ დემონსტრანტებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დაიცვან პროტესტის გამოხატვის საზღვრები; ასევე ვთხოვთ სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ გასცდნენ კანონიერი მოქმედების ფარგლებს; სახელმწიფომ კი აუცილებელია, მოახდინოს დარღვევების სწრაფი და დროული გამოძიება, მათი ობიექტური შეფასება და საზოგადოების ინფორმირებულობა.
რაოდენ დიდი ფასეულობისთვისაც უნდა ვიღვწოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი და ყველაზე დიდი ღირსების მატარებელი ქმნილება ამ სამყაროში.
შევთხოვთ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას თავისი წილხვედრი საქართველო მშვიდობით”, – წერია ინფორმაციაში.