იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: მათ ამომრჩეველსაც არ სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა
,,ისეთი ტყუილიც კი იკადრეს, რომ 300 ათასი ხმა მოიპარესო და აქედან ერთი ადამიანი მინიმუმ 17-ჯერ აძლევდა ხმას ერთი და იგივე პირადობის მოწმობითო. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ერთი ადამიანი თუ აძლევდა 17-ჯერ ხმას, დაახლოებით 18 ათასი ადამიანი გამოდის მარტო ეს ერთი. ანუ, ფაქტობრივად ამბობენ, რომ 50 ათასი ადამიანი მთელი დღის განმავლობაში 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნიდან საარჩევნო უბანზე მასობრივად გადაადგილდებოდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა
“რუსთავი 2-ის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ამომრჩეველსაც კი არ სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა.
“დღეს უკვე ფაქტია და ეს ჩვენი აზრი არ არის, ეუთო/ოდირიც და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმაც თქვეს, მთავარი კრიტერიუმები, რაც არის, იმისთვის, რომ არჩევნები შედგა, ეს არის სახეზე. ის რომ იყო კონკურენტული, ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია, ის, რომ თანაბარი გარემო იყო დაცული და არჩევნების გაკეთება იყო თავისუფალი – ეს ყველაფერი უკვე სახეზეა დადგენილი. ჩვენ ვხედავთ სპეკულაციებს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არიან მუდმივად პოლიტიკურად დამარცხებულები. ისინი რომ არიან დამარცხებულები, ეს სხვაგან კი არ უნდა ეძებონ, საკუთარ თავებში უნდა ეძებონ პირველ რიგში. რატომ ხდება ისე, რომ რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა საზოგადოებაში იკლებს, ქართული ოცნების მხარდაჭერა მატულობს. ეს ხომ უკვე ფაქტებია.
დღეს იმას კადრულობენ, რომ თურმე 300 ათასი ადამიანი საერთოდ არ არსებულაო. აქამდეც კი მივიდა მათი საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება. ისეთი ტყუილიც კი იკადრეს, რომ 300 ათასი ხმა მოიპარესო და აქედან ერთი ადამიანი მინიმუმ 17-ჯერ აძლევდა ხმას ერთი და იგივე პირადობის მოწმობითო. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ერთი ადამიანი თუ აძლევდა 17-ჯერ ხმას, დაახლოებით 18 ათასი ადამიანი გამოდის მარტო ეს ერთი. ანუ, ფაქტობრივად ამბობენ, რომ 50 ათასი ადამიანი მთელი დღის განმავლობაში 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნიდან საარჩევნო უბანზე მასობრივად გადაადგილდებოდა. ასეთ აბსურდამდე არიან დასული. მათ ამომრჩეველსაც არ სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა. ვინც აქ ცხოვრობს, ყველამ კარგად იცის, რომ ამათი მხარდაჭერა შეუძლებელია რომ აქტიური იყოს საზოგადოებაში,“ – აცხადებს რატი იონათამიშვილი.