“აგენტურული ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს, არამედ – ქართულ საზოგადოებას და ქართველ ამომრჩეველს” – იონათამიშვილი
“აგენტურული ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს, არამედ ქართულ საზოგადოებას და ქართველ ამომრჩეველს, ეს არ არის ახალი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა.
“სინამდვილეში, სურათი, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ აგენტურულ ოპოზიციას დღეს აქვს პოლიტიკური ისტერია, ეს პოლიტიკური ისტერია იმით არის განპირობებული, რომ ქვეყნის შიგნით მათი არავის სჯერა, ამას ხედავენ. მეორე, როგორც ჩანს, ძალიან დაღალეს ქვეყნის გარეთაც [ხალხი] და რაც დრო გადის ქვეყნის გარეთაც არავის სჯერა მათი, უინტერესო ადამიანები ხდებიან. ბატონი მეთიუ მილერის ბოლო განცხადებაც ზუსტად ამის მიზანი იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ თუ კი რაიმე მტკიცებულება ჰქონდა, უპრიანი იქნებოდა ეთანამშრომლა, მათ შორის, ადგილობრივ გამოძიებასთან და წარედგინა ფაქტები თუ კი მას ასეთი რამ გააჩნდა. აქაც ჩანს როგორ დაღალეს ამ ადამიანებმა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ამდენი დეზინფორმაციით, უპასუხისმგებლობით, სავალალო დამოკიდებულებით თითოეული აქტორი.
ჩვენთვის ეს ახალი არ არის, 2020 წელს ოპოზიციამ საკუთარი მცირერიცხოვანი ამომრჩეველი გადააგდო, როდესაც არ შევიდა პარლამენტში. მერე როდესაც პარლამენტში შემოვიდა საპარლამენტო საქმიანობით არ დაკავდა, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ხელფასს იღებდა ყველა, როგორც პენსიას, დადიოდნენ სახელმწიფო მანქანით, ანუ ყველა ის პრივილეგია გაიფორმეს, რაც კი ბუნებაში არსებობდა.
ახლაც იგივე გზაზე მიდიან,ახლაც უნდათ, რომ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით კომფორტზე არ თქვან უარი, მაგრამ უარი თქვან სხვა ყველაფერზე. აქედან გამომდინარე, არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ 2024 წელს მათი მხარდაჭერა მკვეთრად შემცირებული არის ჩვენს საზოგადოებაში და ეს პროცესი შეუქცევადია“,- განაცხადა იონათამიშვილმა.