საჩხერის მუნიციპალიტეტში კოლეჯ „სპექტრის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში, კოლეჯ „სპექტრის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კოლეჯის ფილიალის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა.

“მინისტრის განცხადებით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცეების შეთავაზება.

ალექსანდრე წულაძის თქმით, კოლეჯ „სპექტრის“ ახალი ფილიალი სწორედ ამის ნათელი მაგალითია. აღნიშნული კოლეჯი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ საგანმანათლებლო სივრცეში გაიარონ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, რაც შემდგომ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს 20-მდე საჯარო სკოლაში შევიდა პროფესიული განათლება, რაც მოსწავლეებს სკოლაშივე აძლევს საშუალებას, დაეუფლონ სასურველ პროფესიას.

კოლეჯ „სპექტრის“ ფილიალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაიმ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ზეინეფ ბაირაქმა, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძემ, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და პროფესიული კოლეჯის “სპექტრის” დირექტორმა მათე ტაკიძემ.

პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, კოლეჯ ,,სპექტრის“ ახალ ფილიალში ისწავლონ პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით: შედუღება, ელექტრორკალური შედუღება, ელექტრობა, ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის კონსტრუირება.

კოლეჯ „სპექტრს“ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში არსებული შენობა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა. განახლებული შენობა სრულად აღიჭურვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მიერ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები