გაერო-ს წარმომადგენელი – ღაზას სექტორზე: ყველგან სიკვდილის სუნია

ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის სამი კვირის განმავლობაში უწყვეტი დაბომბვის შედეგად ყველგან სიკვდილის სუნია,- ამის შესახებ გაერო-ს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს გენერალური კომისარი, ფილიპ ლაზარინი აცხადებს.

ლაზარინის ინფორმაციით, მისი თანამშრომლები ღაზაში წყლის, საკვების და სამედიცინო დახმარების დეფიციტის შესახებ იუწყებიან.

„ყველგან სიკვდილის სუნია, რადგან ცხედრები ან ნანგრევების ქვეშ რჩებიან, ან გზებზე ასვენია. ჩრდილოეთ ღაზაში ხალხი მხოლოდ სიკვდილს ელოდება. ისინი თავს მიტოვებულად, უიმედოდ გრძნობენ“, – აღნიშნა გაერო-ს ოფიციალურმა პირმა.

მისივე თქმით, საჭიროა ცეცხლის სწრაფად შეწყვეტა.

„ჩრდილოეთ ღაზაში მყოფი ჩვენი პერსონალის სახელით, ზავის დაუყოვნებლივ, თუნდაც რამდენიმე საათით დამყარებას ვითხოვ, რათა უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო ჰუმანიტარული გასასვლელი ოჯახებისთვის, რომლებსაც სურთ ტერიტორია დატოვონ და უსაფრთხო ადგილებს მიაღწიონ“, – განაცხადა ფილიპ ლაზარინმა.

მისი თქმით, ეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად მინიმუმია, რაც შეიძლება გაკეთდეს, რადგან მათ კონფლიქტთან არაფერი აქვთ საერთო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები