სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად, სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გახსნა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში სწავლის დაწყება მიულოცა.

ალექსანდრე წულაძე: „მოხარული ვარ, რომ გვაქვს კიდევ ერთი განახლებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა, სადაც უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა გააგრძელებს სწავლას.

რეაბილიტირებულ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სკოლებში ჩვენს მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზს ვთავაზობთ, რაც მჯერა, მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება.

მთელი გულით ვულოცავ მასწავლებლებს, მოსწავლეებს და სკოლის თანამშრომლებს განახლებულ შენობაში სწავლის გაგრძელებას“.

მინისტრის თქმით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია ქვეყნის მასშტაბით უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა კომფორტულ გარემოსთან ერთად, სამინისტროს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს სკოლების მეთოდოლოგიური და პროგრამული განვითარება, ისევე როგორც მასწავლებელთა კარიერული ზრდა და სკოლებში უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა.

შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე წულაძემ მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის პედაგოგები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა და მათ მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.

სამტრედიის პირველ სკოლაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი კუპრავა.

სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა 800 მოსწავლეზეა გათვლილი და ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.

სკოლაში ასევე კეთილმოეწყო გარე სპორტული მოედანი და შენობა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები