ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ წერტილოვანი წამლობა მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად ახორციელებს. თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებასთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა ცივი შესხურების ტექნოლოგიით.
სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებსა და საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც დამონტაჟებულია მავნებლის სპეციალური ფერომონიანი ხაფანგები, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მონიტორინგი და მავნებლის დიდი კონცენტრაციის დაფიქსირების შემთხვევაში, სხვა ღონისძიებებთან ერთად ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდებოდა.
მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, განთავსდა 154 433 სპეციალური სადგური, სადაც ცივი შესხურებით წერტილოვანი წამლობები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამინდის გაუარესებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს. ამიტომ სახლის პირობებში მავნებლის განადგურებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ანზორ მამულაშვილი