ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინიმუმ 8,5% იქნება. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
“საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედეს, საქართველოს მთავრობამაც თავდაპირველი პროგნოზი გაზარდა. ზოგადად, როდესაც წლის დასაწყისის სავარაუდო პროგნოზის გადასინჯვა ხდება, მით უმეტეს, ზრდის მიმართულებით, ეს რა თქმა უნდა კარგია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ეკონომიკა უფრო დინამიკურადაც კი ვითარდება, ვიდრე თავდაპირველი პროგნოზი იყო. დღეს წლიური მაჩვენებელი უკვე 6,5 %-ია, დაახლოებით 2 %-ით უფრო მაღალია, ვიდრე წლის დასაწყისში იყო. ზოგადად, ესეც არაა საბოლოო მაჩვენებელი, რადგან ჩვენ ვხედავთ, როგორია 3 კვარტლის მონაცემი, რომელიც 9%-ზე ცოტა მაღალია. პროგნოზი წლის ბოლოს შეიძლება ცოტა მაღალიც კი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებია, რომელმაც, შესაძლოა, ზრდაზე გარკვეული ზეგავლენა იქონიოს.
თუმცა, შემდეგი უნდა აღვნიშნო: გასული წლების მაგალითები რომ ავიღოთ, ბოლო 4 წლის მანძილზე გადასინჯვა ყოველთვის ხდება, საბოლოო შედეგი იმაზე უფრო მაღალი იყო ხოლმე, ვიდრე ეს გადასინჯული პროგნოზი. ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში გარკვეული კორექცია ხდება, ეს მაინც კონსერვატორული მიდგომაა. შარშანაც საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდა, პროგნოზი უფრო დაბალი იყო. როდესაც ორნიშნა ზრდა გვქონდა, მაშინაც პროგნოზი მაქსიმუმ 7,5% იყო. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ წლის ბოლოს ზრდა უფრო მაღალი იქნება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინიმუმ 8,5 % იქნება. ეს ჩემი შეფასებაა. ბუნებრივია, ეს იმ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და პარამეტრებს ეყრდნობა, რომელიც ეკონომიკაში გვაქვს, ესაა საგადამხდელო ბალანსი, ბიუჯეტის დეფიციტი, ექსპორტის მაჩვენებელი და ა.შ.
ბოლო წლები რომ ავიღოთ, როდესაც ეკონომიკური ზრდა მაღალია ხოლმე, სავალუტო კურსი, პრინციპში, სტაბილურია. თუ ლარი გაუფასურდება, ის ბუნებრივია, სამომხმარებლო ფასებზე ზეგავლენას იქონიებს. ვხედავთ, რომ მეორე წელია, ინფლაცია მიზნობრივზე, ანუ 3%-ზე დაბალ მაჩვენებელზეა. წელსაც საკმაოდ დაბალია, ალბათ, წლის ბოლომდე ინფლაცია დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გამოწვევები, მათ შორის გლობალური შოკების გამოწვევები, ან მიმდინარე პროცესები რეგიონში, ვგულისხმობ ახლო აღმოსავლეთსაც, უკრაინის ფაქტორსაც, ჯერ არ შემცირებულა”- განაცხადა ცუცქირიძემ.