ირაკლი ქარსელაძე – ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში

,,დღეს გაიხსნა გზა, რომლის მშენებლობის პროცესი მრავალი გამოწვევის ფონზე მიმდინარეობდა. ურთულეს გეოლოგიურ პირობებში, სხვადასხვა ტიპის გამოწვევის გადალახვით, აშენდა 14 კმ-იანი, 2 ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდსა და 5 გვირაბს, არის სრულ შესაბამისობაში საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე ნორმებთან და სტანდარტებთან და აღჭურვილია საგზაო განათების სისტემით,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

შემოვლითი გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან სრულად განტვირთავს ქალაქს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში. შემოვლით გზაზე მოწყობილია 4 სატრანსპორტო კვანძი, რომლითაც ტრანსპორტს საშუალება აქვს დაუკავშირდეს როგორც მიმდებარე სოფლებს, ისე ბათუმში შესასვლელ მთავარ ქუჩებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობამდე, ტრანსპორტი, მათ შორის, საერთაშორისო სატრანზიტოც, საცხოვრებელ და ტურისტულ ზონაში მოძრაობდა, რაც ართულებდა მიმოსვლას და ქმნიდა საცობებს.

,,ძველ გზაზე მოძრავი ტრანსპორტის 43% ბათუმის შემოვლითი გზით იმოძრავებს და იდეალურ შემთხვევაში, დაახლოებით ოთხჯერ ნაკლები დრო – 8-9 წუთი იქნება საჭირო მახინჯაურიდან ხელვაჩაურამდე მანძილის დასაფარად,“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში. ამასთან, ბევრად გაუმჯობესდება კავშირი გონიოსთან, კვარიათსა და სარფთან.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მალე დაიწყება ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობაც, რომლითაც საკურორტო დასახლებების ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება. სარფამდე მისასვლელი ახალი მაგისტრალური გზა, 7.5 კმ-იანი გვირაბით სრულად განტვირთავს მოძრაობას ამ დასახლებებშიც.

,,დავიწყებთ ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობას და რაც მთავარია, 2025 წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე სრულად მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს და ასევე, განვითარების პარტნიორებს – აზიის განვითარების ბანკსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს, წარმატებული და მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები