ნინო ლაცაბიძე: რუსთავის კულტურის სახლის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ, რუსთავისთვის უპრეცედენტოა

რუსთავში კულტურის სახლის ისტორიულ შენობას  რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება.  პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო და გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ კულტურის სახლს, სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროექტის მიმდინარეობას, სამუშაო ფორმატში გაეცნენ  რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და  პარლამენტარი ირაკლი შატაკიშვილი.

ნინო ლაცაბიძის თქმით,  სრულად რესტავრირებული და რეაბილიტირებული კულტურის სახლი, იმ ახალგაზრდებს მოემსახურება, რომლებიც სახელოვნებო სფეროში არიან დაკავებულნი.

,,რუსთავის კულტურის სახლის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც ჩვენი გუნდი ვახორციელებთ, თავისი მასშტაბით რუსთავისთვის უპრეცედენტოა. სრულად რესტავრირებული და რეაბილიტირებული კულტურის სახლი, იმ ახალგაზრდებს მოემსახურება, რომლებიც სახელოვნებო სფეროში არიან დაკავებულნი. გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში აგებული ეს ისტორიული შენობა, ათწლეულების განმავლობაში  იყო უფუნქციო. რეაბილიტაციისა და იმ ახალი კონცეფციის დანერგვის შემდეგ, რომელიც მერიის გუნდმა  შევიმუშავეთ,  კულტურის სახლი  ახალ სიცოცხლეს შეიძენს და  თანამედროვე სერვისებით დაუბრუნდება ჩვენს ქალაქს”, – განაცხადა  ნინო ლაცაბიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტით განსაზღვრულია  საკონცერტო დარბაზის განახლება,  მოეწყობა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის, გახმოვანება-განათების თანამედროვე სისტემა და სასცენო აპარატურა. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება შენობის შიდა ოთახებში, დაგეგმილია სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციაც. შენობის გარე პერიმეტრზე დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა მწვანე სივრცეები და  დასასვენებელი ზონა.
შატაკიშვილის თქმით, რუსთავის გუნდი სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
,,რუსთაველებმა კარგად ვიცით, რომ თანამედროვე რუსთავი და ეს შენობა ერთი ასაკისაა. კულტურის სახლი, თითქმის ყველა თაობის რუსთაველისთვის იყო განსაკუთრებული ადგილი და  რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ეს შენობა  ახალ სიცოცხლეს შეიძენს.  რუსთავის გუნდი სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ეს მიმართულება, სწორედ რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ახალგაზრდებზე ზრუნვა და ხელოვნების სფეროს მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია”, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
კულტურის სახლის ისტორიული ნაგებობა, რომელიც 1948 წელსაა აშენებული, რესტავრაციის შემდეგ ავთენტურობას შეინარჩუნებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, უფუნქციოდ დარჩენილო ძველი შენობის ადგილზე, თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია შეიქმნება. ინფრასტრუქტურული პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები