რაში ადანაშაულებს შემოსავლების სამსახური გაზეთ “ალიას“?

  შემოსავლების სამსახური გაზეთ „ალიას “ ინფორმაციის ცალმხრივად გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც შემოსავლების სამსახურის განცხდებაშია ნათქვამი, გაზეთში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ელიავაზე მეწარმე ინფარქტით გარდაიცვალა, რამდენად რეალური იყო შემოსავლების სამსახურის ჯარიმა“. უწყებაში აცხადებენ, რომ სტატიის ავტორი არ დაკავშირებია შემოსავლების სამსახურს და არ დაინტერესებულა, კონკრეტულად რაში ედავება შემოსავლების სამსახური ი/მ გურამ სულუხიას და კანონით დადგენილი რომელი ღონისძიებები განხორციელდა მეწარმის მიმართ.
“სტატიაში მოყვანილი ფაქტები და ციფრები ეყრდნობა მხოლოდ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას. ფაქტთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ გურამ სულუხიას საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შედგა შემოწმების აქტი 2476 ლარზე, რაზეც გადამხდელს პრეტენზია არ გამოუთქვამს. იმავდროულად, ჩატარდა სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. იმის გამო, რომ მეწარმე არ აწარმოებდა კანონით გათვალისწინებულ სასაქონლო აღრიცხვას, მას დაერიცხა ჯარიმა 115 563 ლარისა და 40 თეთრის ოდენობით. გადამხდელმა ჯარიმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში. საბჭოს გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, დაიწყო ჯარიმის გადაანგარიშება. აქედან გამომდინარე, ვაცხადებთ – შემოსავლების სამსახურისა და მასზე კანონით დაკისრებული ფუნქციების მიმართ ნებისმიერ ცილისმწამებლურ კამპანიას ჩვენ განვიხილავთ როგორც სახელმწიფოს დაშანტაჟების მცდელობას. გადასახადების ადმინისტრირება განსაზღვრულია კანონით. შემოსავლების სამსახურის მოვალეობაა, უზრუნველყოს გადასახადების ადმინისტრირება, ასევე, მოახდინოს სამართალდარღვევების პრევენცია და აღკვეთა. სამწუხაროდ, საზოგადოების ერთ ნაწილს არ ესმის ან არ აქვს ინტერესი ესმოდეს, რომ ფინანსური წესრიგი ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა“,- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყებაში მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის სტატიებითა და დამოკიდებულებით ხელი ეწყობა მძიმე სამართალდარღვევების წახალისებას. მათივე თქმით, გახშირდა შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიმართ ძალადობა.ისინი არაერთხელ გახდნენ ფიზიკური და მორალური ძალადობის მსხვერპლნი.
“ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით: კანონით განსაზღვრული საგადასახადო ადმინისტრირება არ შესუსტდება. ზეწოლის მიუხედავად, გადასახადებთან მიმართებაში, პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ ჩადგება არც ერთი მეწარმე. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ საკუთარი თანამშრომლების საქმიანობის მუდმივ მონიტორიგს და ნებისმიერი გადაცდომა თუ უკანონო ქმედება ისჯება კანონით. ამასთან, მეწარმეს აქვს შესაძლებლობა, თუკი ის მიიჩნევს, რომ მის მიმართ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა უკანონო ქმედება, გაასაჩივროს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში, შემდგომ ფინანსთა სამინისტროსა და სასამართლოში. მოვუწოდებთ ყველას, დაიცვას კანონი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები